რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ,
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ
„ღირსეულ და პატივისცემის გამომწვევ წინააღმდეგობად“ შეაფასა „ქართული
ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს
ევროკავშირში გაწევრების საკითხის განხილვა.
დღეს, 29 ნოემბერს, სლუცკიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ თბილისი
მოლაპარაკებას არ აწარმოებს „ევროშანტაჟისტებთან“.
დუმის მაღალჩინოსნის თანახმად, ქართველებმა უკრაინელების შეცდომა არ
გაიმეორეს და არ დაუშვეს თავიანთი ქვეყნის „დასავლეთის მარიონეტად“
გადაქცევა.
სლუცკის განცხადებით, ამ ყველაფერში „მოსკოვის ხელი“ არ უნდა ეძებონ,
ისევე, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რადგან რუსეთი
საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ „ემხრობა
პრაგმატულ და პატიოსან მიდგომას ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის
ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებისას“.
სლუცკის შეფასებით, როგორც
ჩანს, დღეს თბილისსაც ასეთი პოზიცია აქვს, „მიმავალი სალომე
ზურაბიშვილის“ გარდა.
28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია მოჰყვა „ქართული ოცნების"
მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მიიღეს
გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ
ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028
წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამასთან, კობახიძემ თქვა, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის
ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
28 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა
და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან
საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით
დადგენილ ნორმებს" და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად
დაუპირისპირდნენ.
საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენეს
სპეცსაშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი მას
შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა კვერცხები, საღებავები და სხვადასხვა
ნივთი ესროლეს.
აქციის დაშლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის
წარმომადგენლებს, მათ შორის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.