ხელოვანებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს.
ხელოვანები ამბობენ, რომ სამინისტროს თანამშრომლებმა სოლიდარობა და
მხარდაჭერა უნდა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც
საპროტესტო აქციებზე სცემეს და დააკავეს.
„მთავარ არხთან“ მუსიკოსი ნინო ჟვანია ამბობს, რომ სამინისტრო,
რომელიც განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას, „ვალდებულია გამოთქვას
ყოველ შემთხვევაში მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მსახიობები,
მუსიკოსები ციხეში სხედან და ელოდებიან თავიანთ განაჩენს სრულიად
აბსურდული დანაშაულის“.
ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია „ფორმულასთან“ ამბობს, რომ კულტურის
მინისტრი არალეგიტიმურია და არსებულ ვითარებაში „კონკრეტულ
ჩინოვნიკებთან“ კომუნიკაციას არ აპირებენ. მისივე თქმით, კულტურის
სამინისტრო არ არის მინისტრი და კულტურის სამინისტრო არის უწყება
რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს
ასრულებს.
„აქ არის საზოგადოება, მუშაობენ ჯერ კიდევ აქ ადამიანები,
რომლებსაც აქვთ გარკვეული ტიპის გამოცდილება, ასაკი რასაც ჩვენ ცხადია
პატივს ვცემთ, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ამ უწყებაში არის
კრიტიკული აზრის დევნა, არსებობს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ
მითითებებს აძლევენ რომ არ დაწერონ სოლიდარობისა და გაფიცვის შესახებ
წერილი. ერთი სიტყვით, კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, ვინც
ვდგავართ ამ პოლიტიკური კრიზისის დროს სახელმწიფოებრივი პოზიციის
სადარაჯოზე, მოვედით აქ, ერთი მხრივ ვამხნევებთ მათ, რომ ისინი არ
არიან მარტონი და მიუხედავად იმისა, რომ დააგვიანეს, მაინც ჯერ კიდევ
შეუძლიათ ერთი მხრივ გამოთქვან სოლიდარობა დასახიჩრებული ადამიანების
მიმართ, გამოთქვან სოლიდარობა იმ საზოგადოების მიმართ, რომელსაც
უკრძალავენ აზრის და გამოხატვის თავისუფლებას, ამავდროულად უნდა
იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში, თუ კი არ იციან და გაიფიცონ ისე, როგორც
იფიცებიან ხელოვნების და კულტურის სექტორის არაერთი მნიშვნელოვანი
წარმომადგენელი“, – თქვა
კილასონიამ.