რა მიზანი აქვს საყოველთაო აღწერას რომელიც მარნეულშიც დაიწყო
2024 წლის 14 ნოემბრიდან საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. მონაცემების შეგროვება მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები კარდაკარის პრინციპით დადიან და ოჯახებში კითხვარს ავსებენ. რადიო „მარნეულს“ რამდენიმე აღმწერმა უთხრა, რომ სოფლებში ჰქონდათ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსახლეობას მათი ოჯახებში შესვლის მიზანი ვერ გაიგო და გარკვეული შიში ჰქონდათ.

რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის
მოადგილესთან, პაატა შავიშილთან, რომელმაც განმარტა, თუ რა მიზნებს ემსახურება აღწერა, არის თუ არა ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობების ენებზე და რამდენად არის დაცული კონფიდენციალურობა.

პაატა შავიშვილის თქმით, აღწერას რამდენიმე მიზანი აქვს. აღწერის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის, სხვადასხვა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით.

“14 ნოემბერს დაიწყო თვითრეგისტრაციის მეთოდით მოსახლეობის აღწერა. ადამიანს თვითონ შეეძლო ელექტრონულად , ჩვენგან დამოუკიდებლად შესულიყო სპეციალურ პლატფორმაზე და მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნილი კითხვარები შეევსოთ. იგივე პრინციპია ახლაც დაცული. ჩვენი ინტერვიუერიც რომ მიდის ოჯახში, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ადგილობრივია ეს ინტერვიუერი, რომელიც ფლობს აზერბაიჯანულ ენას მაგალითად.. მარნეულზე თუ ვსაუბრობთ, 260 აღმწერია. თითქმის ყველა მათგანი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ეს აღმწერი არის დატრენინგებული 5 დღის განმავლობაში, რომელსაც ათვისებული აქვს თუ რისთვის არის აღწერა და რა მიზანს ემსახურება. კითხვების ჩამონათვალი არსებობს როგორც აზერბაიჯანულ, ისე სომხურ ენაზე. აღწერის მიზანია 10 წელიწადში ერთხელ გავიგოთ მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ მონაცემები, მისი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინდიკატორები. სოფლების მიხედვით აღწერის შემდეგ გვეცოდინება რა ასაკის რამდენი ადამიანი ცხოვრობს, როგორია სქესობრივი შემადგენლობა, როგორი არის მათი განათლების დონე, ეროვნული შემადგენლობა, ენების ფლობა. ასევე კითხვა არის აღმსარებლობასთან დაკავშირებით, დასაქმებასთან დაკავშირებით და ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, არის შეკითხვები სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე. ასევე არის კითხვარის მოდული დამატებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იდენტიფიცირებას. ამის საფუძველზე შშმ პირების სტატისტიკის სრულყოფას ემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.” - თქვა პაატა შავიშვილმა

პაატა შავიშვილის განმარტებით, კონფიდენციალურობა დაცული იქნება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური იძლევა გარანტიას, რომ სტატისტიკის მიზნით მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცემა სხვა პირს არცერთი მიზნით.

“ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის მიხედვით, დაუშვებელია აღწერის მიზნით მოპოვებული ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა. ჩვენ, ამ მონაცემებს, არ მივცემთ სხვა დაწესებულებას, თუნდაც სახელმწიფო უწყებას. ეს მონაცემები რჩება ჩვენთან, ინახება მკაცრად და არის კონფიდენციალური. ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის. ეს რის ჩვენი კანონი, ეს არის ევროკავშირის სტანდარტი. ეს კანონი მივიღეთ გასულ წელს ევროსტანდარტების შესაბამისი და დაუშვებელია აღწერის მიზნით მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია გადაეცეს მესამე პირს” - განმარტავს პაატა შავიშვილი

საქართველოში საყოველთაო აღწერა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. ახალი აღწერა 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12