„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ექსპრემიერი, პარტიის საპატიო
თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის
პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
„მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი
ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის
შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა
საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და
ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა“, - წერს
„ქართული ოცნება“ 11 დეკემბერს გავრცელებულ ცნობაში.
„ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო
დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი.
საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, - აცხადებს პარტია.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საუბრის შესახებ ჯერჯერობით
ელისეს სასახლეს ან თავად პრეზიდენტ მაკრონს ინფორმაცია არ
გაუვრცელებია.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს საქართველოში
ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალების გასარკვევად.
საელჩოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული
ოცნება“ ავრცელებს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მსოფლიო ლიდერებთან
კომუნიკაციის შესახებ.
რამდენიმე დღით ადერ, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში,
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად, მიიღო საქართველოს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ და
ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულია. ის, ოპოზიციის მსგავსად, 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
იმავე ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ესაუბრა შეერთებული
შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ
მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო
რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს
საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს.
ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“, - დაწერა სალომე
ზურაბიშვილმა.