„ბათუმელების“ დირექტორს ბრალი წაუყენეს
გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. ეს დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

მზია ამაღლობელი ბათუმის საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მოგვიანებით იგი ხელწერილით გაათავისუფლეს,
თუმცა მალევე ისევ დააკავეს - ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმისთვის.

12 იანვარს მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა - დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯაბა ქამაძის თქმით, ამაღლობელმა უფლებების დარღვევის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

მზია ამაღლობელთან ერთად დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები