ზუგდიდში აქციაზე „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა დააკავეს
ზუგდიდში საპროტესტო აქციაზე აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აქციაზე პიროტექნიკა გამოიყენეს. ზუგდიდში ჩავიდნენ პარტიის ლიდერები, ელენე ხოშტარია და გიგა ლემონჯავა. ხოშტარია ამბობს, რომ ისევ აპირებს პიროტექნიკის გამოყენებას.

„მარიამ სიჭინავა რამდენჯერაც არ უნდა დააკავონ, შუშანა მაცაბერიძე რამდენჯერაც არ უნდა დააკავონ, ის 54 ადამიანი, რომელიც დაკავებულია, რამდენჯერაც არ უნდა დააკავონ, ისინი იქნებიან
მართლები, ძლიერები და ესენი იქნებიან მხდალები, რუსები და სუსტები, ამათ მოვუგებთ აუცილებლად“,
– თქვა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

„პუბლიკა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მანამდე აქციაზე ნიღბის ტარებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა. სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის.

5 იანვარს მან „პუბლიკას” უთხრა, რომ შსს-ს უარს ეუბნება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებაზე და არ იცის, კონკრეტულად რა მუხლებით მიმდინარეობს წარმოება. ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამართალწარმოება პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, 173-ე მუხლითაც იყოს დაწყებული. 173-ე მუხლი ჯარიმის გარდა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც ითვალისწინებს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები