"კანონის უზენაესობის ცენტრის" დირექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის ყოფილი უფროსი,
ლონდა თოლორაია, თვლის, რომ მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის
სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმად და არც პატიმრობის
გამოყენების საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების"
დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა
შეუფარდა, რაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საფუძველზე მოხდა.
საქმეში პოლიციელზე თავდასხმა სწორედ სილის გაწვნაში გამოიხატა.
ლონდა თოლორაია განმარტავს:
"მზია ამაღლობელს ედავებიან
სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს
პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით. სილის გაწვნა თავდასხმა არ არის. თავდასხმა გაცილებით
მასშტაბურია და მოიცავს იარაღით, დანით ან სხვა საშიში მეთოდებით
განხორციელებულ ძალადობას."
თოლორაიას თქმით, აღნიშნული მუხლი კანონში იმიტომ გაჩნდა, რომ
განსაკუთრებულად დაეცვა პოლიციელები. თუმცა, დღეს არსებული
სამართლებრივი სისტემა მისი აზრით "აღარაა კანონდამცველი".
"
ამ ინციდენტამდე, ამავე დღეს, პოლიციამ უკანონოდ დააკავა
მზია ამაღლობელი. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციელები
სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, არასწორია. პოლიციელის
მოვალეობა არაა უკანონო დაკავება, უკანონო ბრძანებების გაცემა და
მოქალაქეთა ლანძღვა", — აღნიშნავს თოლორაია.
პასუხისმგებლობის რეალური საფუძვლები და ბრალდების
მიზნები
ლონდა თოლორაიას აზრით, მაქსიმუმ, რაც შეიძლება საგამოძიებო უწყებას
მზია ამაღლობელის მიმართ დაეყრდნო, ეს არის სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლი (ძალადობა), ისიც იმ შემთხვევაში, თუ
დაზარალებულმა ტკივილი განიცადა. ეს დანაშაული ერთ წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ხოლო არარსებული თავდასხმა, რაზეც ახლა ედავებიან მზია
ამაღლობელს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს
ხელოვნურად მძიმე ბრალდება მიზნად ისახავდა პატიმრობის შეფარდებას და
საზოგადოებისთვის იმის დემონსტრირებას, თუ როგორ "ისჯება" ყველა
განსხვავებული აზრის მქონე პირი," — ამბობს თოლორაია.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება
უკანონოა, რადგან არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც
მტკიცებულებათა განადგურების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის
რისკი. თოლორაია დასძენს, რომ ეს არის "დღევანდელი
სამართალი", სადაც იმ პირებს, ვინც აქციის მონაწილეებს ძალადობრივად
ეპყრობოდნენ, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, ხოლო სხვები
მძიმე მუხლებით ბრალდებულები და პატიმრობაში იმყოფებიან.