ბევრი ვიშრომე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო და გული მწყდება – ფიშერი
გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის თქმით, ბევრი იშრომა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო და ახლა გული სწყდება.

ასე ეხმაურება ის თბილისში, 2 თებერვლის აქციაზე მოქალაქეების ძალადობრივ დაკავებას სოციალურ ქსელ X-ში. გერმანიის ელჩი აზიარებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გამოხმაურებასაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველო არ აკმაყოფილებს არანაირ მოლოდინს კანდიდატი ქვეყნისგან“.

„თუ
თქვენ ხართ ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ასეთ წინადადებას მიიღებთ კაია კალასისგან, რომელსაც გერმანია ეთანხმება, მაშინ პრობლემა გაქვთ.

ბევრი ვიშრომე, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“,
– წერს პიტერ ფიშერი.


უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.

დაკავებულთა ნაწილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები