სხდომა, რომელზეც ყაველაშვილი პირველი მოხსენებით გამოვიდა, 28 წუთში დასრულდა
დღეს, 4 თებერვალს „ოცნების“ პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა.

სხდომაზე „ოცნების“ პრეზიდენტს მოუსმინეს.

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა. გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილი რელიზით ცნობილი იყო, რომ მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოვიდოდნენ მამუკა მდინარაძე და „ხალხის ძალის“ ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

ამის მიუხედავად, სხდომა 28 წუთში დასრულდა, რადგან ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლის მსურველები არ იყვნენ.

რაც შეეხება მოხსენებას, „ოცნების“ პრეზიდენტმა მშვიდობაზე, გარე ჩარევებზე, რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, დეოკუპაციაზე „ოცნების“ ტრადიციული პროპაგანდისტული და ანტიდასავლური გზავნილები გაიმეორა.

ისაუბრა იმაზე, რომ „დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დაიწყო ფსევდოლიბერალური წესრიგის ცვლილება მსოფლიოში“, რასაც დონალდ ტრამპის ეფექტი უწოდა.

ასევე კიდევ ერთხელ განმარტა მის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი და ხაზი გაუსვა, რომ შემჭიდროვებულ ვადაში აქტიურად იმუშავეს უწყებებთან და იხელმძღვანელეს ჰუმანურობის პრიცნციპით.

მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებაზე პარლამენტში მედიას შეზღუდვები დაუწესდა. კვლავ აიკრძალა შენობაში ონლაინმედიის შესვლა.

ყაველაშვილის გამოსვლის პარალელურად პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები აქციას მართავდნენ და მზია ამაღლობელის და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

პოლიციამ მათ გადაადგილება შეუზღუდა და ძალა გამოიყენა. დაარტყეს „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორს. სავარაუდოდ, დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

სხდომის დასრულების შემდეგ „ოცნების“ დეპუტატები პარლამენტიდან შეძახილებით გააცილეს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები