2 თებერვალს „თბილისი მოლთან” საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი
მოქალაქე ამბობს,
რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს
კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა – კადრებში ჩანს, რომ ზურაბ
შონიას თვალი აქვს დაზიანებული.
„დამიჭირეს, მცემეს, მომხდარის შესახებ დეტალურად მას
შემდეგ მოვყვები, რაც იურისტებს შევხვდები. სანამ ავტომობილამდე
მიმიყვანდნენ, მანამდე [გამისწორდნენ]. არ ვიცი, თავჩახრილი მირტყეს
და მერე ჩამსვეს მანქანაში. მანქანაში პატრული ნორმალურად
მექცეოდა”, – ამბობს ის.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ
ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის,
სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო
აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და
აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის
მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება
გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაკავებულ მოქალაქეს.
რამდენიმე დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიცია მუშაობაში ხელს უშლიდა ჟურნალისტებსაც. აქციაზე დაშავდა „ტვ
პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია.
სახალხო დამცველმა დაწერა, რომ 3 თებერვალს მოინახულეს 25 პირი,
მათგან 11-ს ჰქონდა სხეულზე ხილული დაზიანებები – კლინიკაში
მოთავსებულ პირებს ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ნიშნები:
გულისრევის შეგრძნება და თავის ტკივილი აღენიშნებოდათ. ამასთან,
კლინიკაში მყოფ ერთ-ერთ დაკავებულს თვალ-ბუდის არეში დაზიანება ჰქონდა
მიღებული. სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრების დროისთვის მას
თვალი დამუშავებული და შეხვეული ჰქონდა.
საქართველოს მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა დადგენილება, რომლითაც
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებიც დაემატა და მისი
გადაკეტვა აიკრძალა. ამ მუხლის დარღვევა პატიმრობას
ითვალისწინებს.