უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რაზეც ახლა
მოგიყვებით, ნათლად აჩვენებს,
რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს ანუ საქართველოში სასამართლოს
საბოლოო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა.
ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი
სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა
დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის
მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს
პრაქტიკის
შესაბამისად.
მზია ამაღლობელს, გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“
დამფუძნებელსა და დირექტორს, სილის გაწვნის გამო პოლიციელზე
თავდასხმის მუხლით დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ბრალის დადასტურების
შემთხვევაში მას 4-დან 7 წელამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ. იგი პროტესტის ნიშნად უკვე 19 დღეა
შიმშილობს. 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი
საქართველოში მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ
გათავისუფლებას.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის 2025
წლის 11 იანვარს სილის გაწვნას ედავებიან, რაც პოლიციელის მხრიდან
პროვოკაციულ მოქმედებებს მოჰყვა. მანამდე მზია ამაღლობელი
ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს შსს-ს ღობეზე სტიკერის
გაკვრისთვის.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მტკიცებით, სილის გაწვნა არათუ
თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან მას
არ შეეძლო ტკივილის გამოწვევა.
განზრახვის არარსებობა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით,
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმის, რომ საქმე თავდასხმასთან არ გვაქვს.
კონფლიქტი თუ „მყისიერ გაღიზიანებას“ მოჰყვა, ეს უზენაესი სასამართლოს
პრაქტიკით, არის ძალადობა [მსუბუქი კატეგორიის დანაშაული] და არა
თავდასხმა. უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთ საქმეში კი, სილის გაწვნის
ფაქტზე ეს ჩაიწერა: „ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან
ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს“.
ცემა მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია, ვიდრე თავდასხმა. შესაბამისად,
იურისტები ამ გადაწყვეტილებიდან ერთ მარტივ დასკვნას აკეთებენ: თუ
სილის გაწვნა ცემა არ არის, ის თავდასხმა მით უმეტეს ვერ იქნება.
უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაა, სადაც ბრალდება
„პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლომ „ძალადობაზე“ [სსკ-ის 126-ე მუხლი
გადააკვალიფიცირა]. ამ მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას,
ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.
ვნახოთ, რა შემთხვევებში იწყებს პროკურატურა დევნას „პოლიციელზე
თავდასხმის“ მუხლით და რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ ამ საქმეებზე
მოსამართლეებს.
საქმე პირველი: „…არაერთი ჩვენება ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ
განვითარებას და მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას,“ – სასამართლოს
არგუმენტი თავდასხმის არარსებობაზე.
2024 წლის 10 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ განჩინება მიიღო
ბ.გ.-ს საქმეზე. სხვა ბევრი გადაწყვეტილების მსგავსად, ამ საქმეზეც
ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის
მუხლი ძალადობით შეცვალა და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის
ნაცვლად, მსჯავრდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რას ედავებოდნენ ბ.გ.-ს?
„…2023 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. დ-ში… ა-ს ქუჩაზე
მდებარე რიტუალებს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ
იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს
რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი
ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და
სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური
ტკივილი,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელის
ჩვენება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მასზე თავდასხმა დაგეგმილი
იყო:
„საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ გაიზიარებს
დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვითაც,
სანდო პირმა თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა
მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა უკვე განახორციელა დანაშაულებრივი
ქმედება. ასეთი წყარო და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია [ასეთის
არსებობის შემთხვევაში] მინიმუმ არასანდოა, რომ არაფერი ვთქვათ ამ
პირის არაჯეროვან დამოკიდებულებაზე რიგი გარემოებების მიმართ.
ბრალდების მხარის ვერსიის საპირისპიროდ, საქმეში მოიპოვება არაერთი
ჩვენება, რაც ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ განვითარებას და
მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას, რასაც მოჰყვა დაზარალებულზე
ძალადობრივი ქმედების ჩადენა. ამასთან, არც ერთი მტკიცებულებით, გარდა
დაზარალებულის ვარაუდისა, არ დასტურდება, რომ ეს გაღიზიანება
გამოწვეული იყო კ. კ-ს სამსახურებრივი მდგომარეობიდან
გამომდინარე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ კ. კ-ას
ჩვენება ბ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივთან დაკავშირებით ვერ
იქნება მიჩნეული, როგორც უტყუარი ჩვენება.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება
ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში
გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით
პოლიციელზე თავდასხმა, არამედ – სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობა,
რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების რაიმე
წინაპირობა არ არსებობს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს
განჩინებაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ,
შალვა თადუმაძემ და ნინო სანდოძემ მიიღეს.
საქმე მეორე: „ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური
ტკივილი გამოიწვიოს“ – სილის გაწვნაში ბრალდებული სასამართლომ
უდანაშაულოდ მიიჩნია
უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინების მიხედვით, სამივე
ინსტანციის სასამართლომ საქართველოში გაამართლეს ბრალდებული ხ.ზ,
რომელსაც პროკურატურა ქალისთვის სახეში სილის გაწვნას [სსკ-ის 126-ე
მუხლის პირველი ნაწილი] ედავებოდა.
„…ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი
გამოიწვიოს. ერთჯერადი დარტყმა უნდა ჩაითვალოს სხვაგვარ ძალადობად,
რაც მართალია არ ცვლის ქმედების კვალიფიკაციას [საქართველოს სსკ-ის
126-ე მუხლი], თუმცა ცვლის ბრალდების ფორმულირებას,“ – ვკითხულობთ
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
2023 წლის 6 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცემაში ბრალდებული
ხ.ზ. უდანაშაულოდ მიიჩნია.
„2022 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, ქ.ბ–ში, ქუჩა N.., ბინა N..-ში
ხ. ზ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჰ. ი–ს, კერძოდ, ძლიერად უჭერდა
ხელებს ყელში, სახეში გააწნა სილა, უკბინა მარჯვენა იღლიის მიმდებარედ
და კეფის მიდამოში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ჰ. ი–მა განიცადა ფიზიკური
ტკივილი,“ – აღნიშნული იყო თავდაპირველად ბრალდების შესახებ
დადგენილებაში.
რატომ არ მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ სილის გაწვნა ცემად? –
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ:
„სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ჰ. ი–ს ჩვენებას, რომელმაც
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2022 წლის 26
მაისს ხ. ზ–თან მოუვიდა კონფლიქტი, ეჩხუბა მას, ერთმანეთს აყენებდნენ
სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ მოხდა „შეჯახება“, რაშიც
გულისხმობს ჩხუბს. კერძოდ, ხ. ზ–მა ჰკრა ხელი და დაეცა, რადგან იყო
მთვრალი, შემდეგ ლოყაზე მიარტყა ხელი და სახლიდან კი არ გააგდო,
არამედ გაიყვანა და ამით დასრულდა ყველაფერი.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე პროკურორის მიერ
ჩვენების ნაწილის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ დაზარალებულმა მიუთითა,
რომ ადასტურებს გამოძიების დროს მიცემული ჩვენების [ბრალდებულმა
უკბინა იღლიის ქვეშ, ხოლო როცა გაჰყავდა სახლიდან, ხელი მოჰკიდა
ყელში, არ ახსოვს, რომელი ხელი მიარტყა სახეში ბრალდებულმა, რაც იყო
მტკივნეული] სისწორეს, ხოლო დაცვის მხარის კითხვებზე განმარტა, რომ
მასა და ბრალდებულს შორის დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც ერთმანეთს
მიარტყეს ხელი, თუმცა ცემას არ ჰქონია ადგილი. ხ. ზ–მა ხელი ჰკრა და
წაიქცა და თავი იგრძნო დამცირებულად,“ – ვკითხულობთ უზენაესი
სასამართლოს განჩინებაში.
„ეს და სხვა გადაწყვეტილებები, რაც აქვს მიღებული უზენაეს სასამართლოს
ამ კატეგორიის საქმეებზე, ადასტურებს იმას, რომ მზია ამაღლობლის
ქმედება საერთოდ არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულად. ხელის გარტყმა
ცემადაც კი არ დაკვალიფიცირდა… თუ ცემაც კი არ არის, მით უფრო
ძალადობა თავდასხმის ფორმით გამოხატული ვერ იქნება. ამას ადასტურებს
უზენაესი სასამართლოს ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ამ კატეგორიის
საქმეებზე არის მიღებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნონა ქურდოვანიძე,
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუ სილის გაწვნის ფაქტი
ცემად არ შეფასდა, სილის გაწვნა თავდასხმა მით უფრო ვერ იქნება, რასაც
ახლა პროკურატურა ედავება ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.
„ამაზე მეტყველებს პრაქტიკა, სადაც ნათქვამია, რომ ეს ქმედება ცემაც
კი არ არის, არათუ თავდასხმა. სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მთავარი
ელემენტი კი არის თავდასხმა, რომელიც უნდა ხასიათდებოდეს
განსაკუთრებული აგრესიით, ძალადობით, რომელიც უნდა ვლინდებოდეს ისეთი
ინტენსივობით, რომ მან მიაღწიოს თავდასხმის დეფინიციას, შეადგინოს ამ
მუხლის შემადგენლობა,“ – გვითხრა ნონა ქურდოვანიძემ.
უზენაესმა სასამართლომ განჩინება, სადაც ცემაში ბრალდებული პირი
მოსამართლეებმა გაამართლეს, 2024 წლის პირველ ივლისს მიიღო.
გადაწყვეტილებას მოსამართლეები – ლალი ფაფიაშვილი [თავმჯდომარე],
შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე აწერენ ხელს. ეს ის შალვა თადუმაძეა,
რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი თქვა და
დასანქცირებული, „მაგნიტსკის სიაში“ შესული „ქართული ოცნების“ შინაგან
საქმეთა მინისტრის – ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დანიშნეს.
საქმე მესამე: დაცვის პოლიციელს თავში ჩაარტყეს… მსჯავრდებული 1000
ლარით დაჯარიმდა
ეს ბათუმში 2022 წლის 6 ნოემბერს მოხდა – საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიის და რადიოს დაცვის სამსახურის ინსპექტორს თავი თავში
ჩაარტყეს. პროკურატურამ ამ შემთხვევაშიც ბრალი მოქალაქეს პოლიციელზე
თავდასხმის მუხლით წარუდგინა, თუმცა სასამართლომ თ.კ. სსკ-ის 126 -ე
მუხლით [ძალადობა] დასაჯა 1000 ლარით.
„…დაცვის პოლიციის სამმართველოს ქალაქ ბ–ს ობიექტების დაცვის
განყოფილების, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ა–ს ტელევიზიისა და რადიოს
დაცვის ინსპექტორი გ. მ–ე თ. კ–ს მოუწოდებდა სიმშვიდის შენარჩუნებისა
და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ, რის გამოც, თ. კ–მა
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, იძალადა გ. მ–ზე, კერძოდ,
თავი ჩაარტყა თავის არეში, რამაც გამოიწვია გ. მ–ს ფიზიკური
ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
2023 წლის 30 ივნისის განაჩენით თ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და
სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1000 ლარი ჯარიმა,“ – აღნიშნულია
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
უზენაესი სასამართლოს შეფასებით, თ.კ.-ს ქმედებას სწორი სამართლებრივი
შეფასება მისცა წინა ინსტანციის სასამართლომ. მოსამართლეებმა – ნინო
სანდოძემ, მერაბ გაბინაშვილმა და შალვა თადუმაძემ პროკურორ ნიკა
მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნიეს.
საქმე მეოთხე: „პოლიციელს ხელკეტის არაერთჯერადი დარტყმით თავისა და
ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა…“
„…ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს
ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი
საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ –
აღწერილია ერთ-ერთ განჩინებაში, რომელიც უზენაეს სასამართლოს 2023
წელს მიუღია.
ამ საქმეშიც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია. მოქმედება 2022
წელს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხობში ხდება. შელაპარაკებას იქვე
მყოფი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს დეტექტივი თ.ს.
შეესწრო:
„2022 წლის 17 იანვარს, შუადღის საათებში, ი. ქ. რ. ქ. და ჯ. მ.
იმყოფებოდნენ ქ.თ–ში…–ა, რ–ს გზატკეცილი №..-ში მდებარე საცხობში,
სადაც შელაპარაკება მოუვიდათ საცხობში მყოფ გ. ნ–სთან. ამავე
საცხობთან იმყოფებოდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი
სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივი თ. ს., რომელმაც აღნიშნულ
პირებს წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, უთხრა, რომ იყო პოლიციის
თანამშრომელი და მოუწოდა წესრიგისკენ.
მას შემდეგ, რაც ი. ქ.-მ რ. ქ.-მ და ჯ. მ–მ გაიგეს, რომ თ. ს. იყო
პოლიციის თანამშრომელი, მის მიმართ გახდნენ აგრესიულები, მიაყენეს
სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ი. ქ–მა თ. ს.–ს ძლიერად დაარტყა ხელი
ცხვირში, რის შემდგომაც ჩასხდნენ ი. ქ–ს მართვის ქვეშ მყოფ „BMW”
მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით…. და სცადეს მიმალვა,“ –
ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
გაქცეულებს პოლიციელი დაედევნა, პოლიციელს მანქანიდან გაუსროლია
კიდეც, გაქცეულები უკან დაბრუნდნენ და „ხელკეტების არაერთჯერადი
დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,
ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა
დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა“.
ბრალდებულებს ამ საქმეზეც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით
ედავებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდება
გადააკვალიფიცირა ძალადობის [სსკ-ის 126-ე] მუხლზე. ბრალდებულებს
ჯ.მ-ს და ი.ქ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რ.ქ.-ს კი, 2
წლით თავისუფლების აღკვეთა – ის გასამართლდა 2017 წელს სხვა
დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ნაწილი მოუხდელი ჰქონდა.
ამ საქმეზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებს „პოლიციელის
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის
ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ“.
„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან
მსჯავრდებულების ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული
იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ
დადგინდა ი. ქ.-ს, რ. ქ.-სა და ჯ. მ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის
3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და
მათთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს
სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან
სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით
დასტურდება, რომ ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს პოლიციელზე თავდასხმის,
ესე იგი, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი
ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ.
ი. ქ., რ. ქ. და ჯ. მ. კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდნენ
პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე
დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად. შესაბამისად, ი. ქ.–მ, რ.
ქ.-მა და ჯ. მ.–მ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,“ –
ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
საქმე მეხუთე: „დეტექტივს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და
სახის არეში…“ – ამ საქმეზე არავინ დაუპატიმრებიათ
უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებში კიდევ
ერთი საქმე ვიპოვეთ, სადაც პროკურატურა ბრალდებულებს ასევე პოლიციელზე
თავდასხმას ედავებოდა. ამ საქმეზეც თავისუფლების აღკვეთა არავისთვის
შეუფარდებიათ. სასამართლომ მსჯავრდებულები ძალადობის მუხლით [126-ე
მუხლი] მხოლოდ დააჯარიმა.
განაჩენის მიღებამდე ბრალდების შესახებ დადგენილებაში ეს ეწერა:
„2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე
დროის შუალედში, …მდებარე „…ტერიტორიაზე, ლ. ნ.-მ, დ. გ.-მ, ნ. ჯ.-მ
და გ. ჯ-მ გამოძიებისათვის დაუდგენელ პირთან ერთად, მის სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკურად იძალადეს შს სამინისტროს….
პოლიციის დეპარტამენტის…. სამმართველოს მე-.. განყოფილების უმცროს
დეტექტივ დ. ტ.-ზე, კერძოდ, დაზარალებულს ურტყამდნენ ხელებსა და
ფეხებს სხეულისა და სახის არეში. ამასთან, ყურადღებას ამახვილებდნენ
იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც
აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყვნენ აგრესიულები.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ. ტ-მ განიცადა ძლიერი
ფიზიკური ტკივილი.
ამ საქმეზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 15 აპრილს
მიღებული განაჩენით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ძალადობაზე
გადააკვალიფიცირა. დ.გ.-ს და ნ.ჯ. 7000 – 7000 ლარით დაჯარიმდა. გ.ჯ.
და ლ.ნ. 10 000 – 10 000 ლარით დააჯარიმეს.
„….ცალსახად არ დასტურდება, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულების
აგრესიული ქმედებები იყო მიზანმიმართული, რათა სწორედ პოლიციელების
სტატუსის ან/და მათი საქმიანობიდან გამომდინარე დასხმოდნენ თავს დ.
ტ-სა და თ. ბ-ს, რამეთუ საქმის მასალები ცხადყოფს, რომ
დაზარალებულებთან დაპირისპირებამდე მსჯავრდებულები სხვა, სამოქალაქო
პირებთან ჩხუბობდნენ, რასაც მოჰყვა სწორედ დ. ტ-სა და თამარ
ბიბილაშვილის კონფლიქტში ჩარევა, ხოლო, მეორე მხრივ, სარწმუნოდ
დადგენილია, რომ დაზარალებულები და მსჯავრდებულები ერთმანეთს არ
იცნობდნენ, დაპირისპირებისას დ. ტ-სა და თ. ბ-ს არ ეცვათ პოლიციელების
ფორმები და მსჯავრდებულებისათვის არ წარუდგენიათ სამსახურებრივი
მოწმობები, რაც მხოლოდ დაზარალებულების სიტყვიერი განმარტებების
გარდა, აშკარად მიუთითებდა მათ სამსახურებრივ მდგომარეობაზე, რაც
ერთობლივად შეფასებისას ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში
მსჯავრდებულთა ქმედებებში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ
საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმა, არამედ –
ჯგუფურად ჩადენილი ცემის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც,
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების რაიმე წინაპირობა არ არსებობს,“
– აღნიშნულია განჩინებაში.
ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 11 იანვარს
მიიღო.
საქმე მეექვსე: „პოლიციელს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა
ფიზიკური შეურაცხყოფა…“ – მსჯავრდებული 2800 ლარით დაჯარიმდა
ამ საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი
ავტომანქანით ქუჩების შემოვლას აწარმოებდა, სხვა ავტომანქანით უკნიდან
შეეჯახნენ. პოლიციელი ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოვალეობის
შემსრულებელი აღმოჩნდა.
„2019 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. წ–ში,….ს
ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის
დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს წ–ს პოლიციის განყოფილების
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გ. ჯ–ი და ამავე განყოფილების
ინსპექტორ-გამომძიებელი თ. გ–ი „ტოიოტა ჰაილუქსის“ (სახელმწიფო
ნომრით: …) მარკის სამსახურებრივი ავტომობილით ახორციელებდნენ ქუჩების
შემოვლას, რა დროსაც მათ უკნიდან შეეჯახა დ. ფ–ი „ვაზ 2106-ის“ მარკის
(სახელმწიფო ნომრით: ….) ავტომობილით, რის შემდეგაც ალკოჰოლით მთვრალი
დ. ფ–ი გადმოვიდა დაზიანებული ავტომანქანიდან და თავს დაესხა
სიტუაციაში გარკვევის მიზნით მასთან მისულ, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული
სამმართველოს …..ს პოლიციის განყოფილების უფროსის მოვალეობის
შემსრულებელს – გ. ჯ–ს, სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური
შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური
ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის
მოუშლელად,“ – ეწერა პროკურატურის ბრალდების შესახებ
დადგენილებაში.
ამ საქმეზე განაჩენი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 30
მარტს მიიღო, რომლის მიხედვითაც დ.ფ. პოლიციელზე თავდასხმის მუხლით
წარდგენილ ბრალდებაში მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია და დამნაშავედ
მიიჩნია ძალადობის მუხლით [სსკ-ის 126-ე მუხლი] დანაშაულის ჩადენაში.
სასამართლომ მას ჯარიმის სახით 2800 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა
იმის გამო, რომ ერთი კვირა იგი პატიმრობაში იყო, ჯარიმა 800 ლარით
შეუმცირდა და საბოლოოდ მას 2000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.
პოლიციელზე ხელის გარტყმის შედეგს ექიმი ამ საქმეზე ასე აღწერს:
„ნ. ზ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას
განმარტა, რომ არის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი. 2019 წლის
2 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 23:00
საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში 112-დან შემოსული შეტყობინების
საფუძველზე გამოცხადდა ს–ს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ადგილზე
დახვდა პაციენტი გ. ჯ–ი, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, სახისა და
ტუჩის არეში – წვის შეგრძნებას. მარცხენა ლოყის არეში აღენიშნებოდა
თითების ნაკვალევი სიწითლის სახით. ქვედა ტუჩის არეში ისინჯებოდა
მცირე ზომის შეშუპება და შიგნითა ზედაპირზე – მცირე ნახეთქები.
პაციენტთან კონტაქტისას გაირკვა, რომ აღნიშნული დაზიანება მიიღო
კონფლიქტის დროს – კერძოდ, ხელი დაარტყეს სახის არეში,“ – უთქვამს
ექიმს.
ეს საქმე უზენაეს სასამართლოში დაცვის მხარეს წაუღია. ადვოკატის
მტკიცებით, მსჯავრდებული ფიზიკური ძალადობისგან თავის დაღწევას
ცდილობდა:
„სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ დაცვის მხარის
მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება, რომ დ. ფ.–ს
მოქმედებები მიმართული იყო მის მიმართ ჩადენილი უკანონო ფიზიკური
ძალადობისაგან თავის დასაღწევად. ჩანაწერით დგინდება, რომ გ. ჯ.,
რომელიც კამერასთან ზურგით დგას, მარჯვენა ხელით დ. ფ.-ს მარცხენა
მხარში უბიძგებს ხელს, რის საპასუხოდაც დ. ფ–ი სახის არეში, მარცხენა
მხარეს, მკვეთრი მოძრაობით არტყამს ხელს გ. ჯ–ს, ცდილობს მეორეჯერ
დარტყმასაც, თუმცა კონფლიქტში ერთვება პოლიციის ფორმაში მყოფი მეორე
პირი – თ. გ–ი, რომელიც ზურგის მხრიდან ბოჭავს დ. ფ–ს…“, – აღნიშნულია
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
უზენაეს სასამართლოში ეს განჩინება მოსამართლეებმა – ლალი
ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ და მამუკა ვასაძემ მიიღეს.
საქმე მეშვიდე: „პოლიციელს მუშტი დაარტყა სახისა და თავის არეში…“ –
ბრალდებულს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
კიდევ ერთ საქმეზე მოგიყვებით: ერთ-ერთ სუპერმარკეტში პოლიციის
თანამშრომელმა შენიშნა პირი, რომელიც მაღაზიაში მყოფ მოქალაქეს
მარკეტიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.
„ა. უ.-მ მოუწოდა გ. გ.-ს, რომ დაეცვა წესრიგი და გაეტარებინა ს. ს.,
რაზეც გ. გ.-მ უხეშად, აგრესიული ტონით მიმართა: ,,ვინ გეკითხებაო“.
ა. უ.-მ კვლავ მოუწოდა გ. გ.-ს წესრიგის დაცვისაკენ, რის შემდეგაც
მაღაზიის გარეთ გ. გ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა ა.
უ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ, როგორც პოლიციის თანამშრომელი, მაღაზია
იქნებოდა თუ ქუჩა, ყველგან მოუწოდებდა საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვისაკენ. აღნიშნული სიტყვების გაგონებაზე გ. გ.-მ შეაგინა ა. უ.-ს
დედა და, როგორც პოლიციელს, თავს დაესხა მას, რა დროსაც რამდენჯერმე
დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა. უ.-მ ყველა
შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო
პროკურატურის ბრალდების დადგენილებაში.
ამ საქმეზეც სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი
გადააკვალიფიცირა ძალადობაზე [სსკ-ის 126-ე მუხლი]. მსჯავრდებულს 9
თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ
განაჩენი 2019 წელს მიიღო.
პროკურატურამ გ.გ.-ს დამნაშავედ ცნობა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით
უკვე სააპელაციო სასამართლოში ითხოვა, დაცვის მხარემ კი – მთლიანად
გამამართლებელი განაჩენის მიღება.
„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად
და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და
მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ გ. გ.-ს საქართველოს
სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ
ჩაუდენია.
ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო
სასამართლო სწორად მიიჩნევს გ. გ.-ის მიმართ ბრალად წარდგენილი
ქმედების [საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლი] სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ
ნაწილზე გადაკვალიფიცირებას,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს
განჩინებაში, რომელიც 2020 წლის 16 სექტემბერს მიიღეს მოსამართლეებმა
– ლალი ფაფიაშვილმა, მამუკა ვასაძემ და შალვა თადუმაძემ.