თბილისში საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა
დასრულდა საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა. საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას ქმნის სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდი.

ასამბლეის წევრთა თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანამშრომლობის ეს პლატფორმა 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას ეფუძნება.

ღონისძიება თბილისში, თეატრი სახელოსნო 42-ში გაიმართა. ყრილობის ბოლოს შესრულდა ჰიმნი და საზოგადოების წევრებმა ხელი მოაწერეს ქარტიას, სადაც წერია, რომ ასამბლეის მიზანია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის
გადაჭრა, ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში, კონსტიტუციურ ჩარჩოში, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება. ასამბლეის მთავარი მოთხოვნები იგივეა, რასაც უკვე საზოგადოება 73-ე დღეა უწყვეტად ითხოვს: ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.

„თუ გვინდა, რომ არსებობდეს ადეკვატური პოლიტიკური პროცესი, ადეკვატური საზოგადოებრივი პროცესიც უნდა არსებობდეს, რომელიც დააბალანსებს პოლიტიკურ პროცესს.

ვიმყოფებით სინამდვილეში, როცა ნდობა პოლიტიკური პროცესის მიმართ არის ძალიან დაბალი, ნდობა გამქრალია სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია იმაზე, რომ სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე, არ შეიქმნა ძლიერი საზოგადოებრივი სტრუქტურები, რომლებიც მყისიერად, დროულად შეძლებდნენ რეაგირებას პოლიტიკურ პროცესებზე და ზეგავლენის მოხდენას, შეასრულებდნენ ძალების დამაბალანსებლის როლს.

უნდა ჩამოყალიბდნენ ახალი პოლიტიკური სუბიექტები, გადახალისდნენ ძველები, იკისრონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რასაც ითხოვს მათგან საზოგადოება. საზოგადოებრივი ასამბლეა იმედია შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, რომ წაახალისოს ეს პროცესი და დააჩქაროს.

საზოგადოებრივი ასამბლეა ვალდებულია, გადარჩეს და იარსებოს, როგორც საზოგადოებრივი აზრის მაკონსოლიდირებელმა სტრუქტურამ და შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებრივი დაკვეთის ფორმირებაში“,
— ამბობს ნეტგაზეთთან რეჟისორი პაატა ციკოლია.

ასამბლეის დამფუძნებელ წევრებს შორისაა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც, რომელიც ამბობს, რომ შესაცვლელია ის რეალობა საქართველოში, რაც ბოლო 30 წელია არსებობს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის თითქმის სრული პერიოდი, როცა პოლიტიკა კეთდება მხოლოდ ზემოდან ქვემოთ.

„აუცილებელია, საზოგადოებამ შექმნას დაკვეთა. ის დაკვეთა, რომელსაც უნდა მოერგონ პოლიტიკოსები. საზოგადოებამ უნდა შექმნას მოედანი და ჩამოყალიბდეს თამაშის წესებზე. იმედი მაქვს, რომ ასეთი გაერთიანებები შევძლებთ, შევასრულოთ ეს მისია.

აღარ უნდა მივცეთ არცერთ პოლიტიკოსს იმის უფლება, რომ თავად გვიკარნახონ დღის წესრიგი. ისინი უნდა იყვნენ ვალდებულები, რომ უპასუხონ სამოქალაქო საზოგადოების, ქართველი ერის, მისი აღმატებულება საქართველოს მოქალაქის მოთხოვნებს, დაკვეთას. იმედი მაქვს, ეს იქნება კარგი დასაწყისი“,
— თქვა ნეტგაზეთთან ყრილობის დაწყებამდე ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, რომელიც არხის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან არხის კრიტიკისა და მზია ამაღლობელის სოლიდარობისა გამო „დროებით“ გაათავისუფლა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები