209 ათასი ლარი დაიხარჯა ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო ბათუმში
„ოცნების“ მთავრობის განცხადებით ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ კი 8 თებერვალს გამართეს, რომელსაც ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

ამ ღონისძიებაში აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ აჭარაში დაგეგმილი არ ჰქონდათ, ამიტომ ღონისძიების
გასამართად შესაბამისი მომსახურება ტენდერის გარეშე 209 ათას 165 ლარად შეისყიდეს. შემსყიდველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

„აღნიშნული ღონისძიების განხორციელება სამინისტროს მიერ არ იგეგმებოდა, ამიტომ ტენდერის გამოცხადება და გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება 2025 წლის 8 თებერვლამდე ვერ მოესწრება“ – წერს აჭარის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს 5 თებერვალს.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ღონისძიების ჩატარება აჭარის მთავრობამ სამინისტროს 5 თებერვალს დაავალა:


შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით სამინისტრო ხელშეკრულებას შპს „არტ ბიუროსთან“ გააფორმებს და აღნიშნულ თანხასაც ამ კომპანიას გადაუხდის.

რა მომსახურებაში დაიხარჯება დეტალურად აღნიშნული თანხა, ეს „არტ ბიუროს“ ინვოისიდან ირკვევა:


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან შესყიდვების სააგენტოს ასევე 5 თებერვალს მიმართეს, სააგენტომ კი თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე სამინისტროს 7 თებერვალს მისცა.

აჭარის სამინისტროს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მეორე ეტაპის მშენებლობაზე ტენდერი 110 057 000 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადეს, რომელიც მომსახურებას სამინისტროს 109 616 000 ლარად სთავაზობს.

მართალია 8 თებერვლის ღონისძიებაზე „ანაგიც“ მონაწილეობდა და უკვე კაფსულაც ჩააგდეს, თუმცა დღევანდელი, 10 თებერვლის დილის მდგომარეობით, შესყიდვების პორტალზე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება არ იძებნება. ტენდერს კი მინიჭებული აქვს შემდეგი სტატუსი: „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“.

ტენდერის პირობის მიხედვით „სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 36 თვე“.

8 თებერვალს ბათუმში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა კობახიძის და რიჟვაძის მონაწილეობით – მათ ყინულის არენა გახსნეს.

მთავრობის ინფორმაციით, „კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება 53 943 280 ლარს შეადგენს.“

ამ კომპლექსსაც „ანაგი“ აშენებს, თუმცა, მთლიანობაში პროექტი აჭარის ბიუჯეტს მინიმუმ 94 546 537 ლარი მაინც დაუჯდება.

აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, ბათუმში ყინულის არენა და საცურაო აუზი 19,9 მილიონი დოლართ 2019 წელს აშენებული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, კანადურ კომპანია „ვესტინკორმთან“ ხელშეკრულება შეწყვიტეს, 29 მილიონი ლარიც გადაუხადეს, მაგრამ არც ყინულის არენა აშენებულა და არც აუზი.

2024 წელს ყინულის არენისა და აუზის მშენებლობაზე ტენდერი ისევ გამოაცხადეს, გამარჯვებულად „ანაგი“ გამოაცხადეს და ხელშეკრულება 53 943 280 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გარეშე.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები