ოთხი პოლიციელი: ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და
ცოტნე ქართველიშვილი – სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერენ,
როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ
გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს.
ისინი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი
გამომძიებელმა, გურამ დიასამიძემ 23 იანვარს გამოკითხვა. თითოეული
მათგანის გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელ
და. 11 იანვარს,
ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და მზია ამაღლობელის
დაკავების დეტალების აღწერისთვის თითოეულს სულ 1,5-2 გვერდი
დასჭირდა.
გამოკითხვის ოქმის მიხევდით, იდენტურია:
- მათი თხრობის ქრონოლოგია;
- ლექსიკა;
- წინადადებების ფორმულირებები;
- სიტყვები, რომლითაც მომხდარს აღწერენ;
- დეტალები, რომლებზეც გაამახვილეს
ყურადღება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა პოლიციელის გამოკითხვის ტექსტი
ერთი ადამიანის მიერაა შედგენილი.
ოთხივე მათგანი ჰყვება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება
დილიდან დაიწყეს, თავდაპირველად იმყოფებოდნენ საკონსტიტუციო
სასამართლოსთან, სადაც უკვე 78-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული
აქციები. შემდეგ გაჰყვნენ მარშს, რომელიც აქციის მონაწილეებმა
მოაწყვეს. ჰყვებიან, რომ მსვლელობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
შენობასთან შეჩერდა, სადაც მოქალაქეები დღის განმავლობაში
დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ოთხივე მათგანი შეესწრო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების
ფაქტს. ისინი ჰყვებიან, რომ ამაღლობელი გათავისუფლების შემდეგ
შეუერთდა აქციას. მათი თქმით, ამ დროს – დაახლოებით 00:30 საათზე –
ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. პოლიციელები
ამბობენ, რომ მზია ამაღლობელსა და დგებუაძეს შორის ინციდენტი მაშინ
დაიწყო, როცა ეს უკანასკნელი დაკავებულთა შესახებ აქციის მონაწილეებს
განმარტებას აძლევდა.
მათ არ უხსენებიათ, რომ ამ ორი ადამიანის დაკავების დროს პოლიციელებმა
თავად მზია ამაღლობელზეც იძალადეს, წააქციეს, რა დროსაც მას გასძვრა
ცალი ფეხსაცმელი და დაზიანებები მიიღო კიდურებზე. გამოკითხული
პოლიციელები ჩვენებაში ამის შესახებ არაფერს ამბობენ, მოუხედავად
იმისა, რომ – როგორც თავად ირწმუნებიან – იდგნენ შემთხვევის ადგილას,
ზუსტად ირაკლი დგებუაძის გვერდით, ყველაფერს კარგად ხედავდნენ და
ყველაფერი კარგად ესმოდათ.
“მზია ამაღლობელის დაკავებისას მისი შეურაცხყოფისა და
დამცირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მასზე ფიზიკურად არავის
უძალადია”, – ეს არის ფრაზა, რომელი სიტყვა-სიტყვით
მეორდება ოთხივე პოლიციელის გამოკითხვის ოქმში.
გთავაზობთ ეპიზოდებს თითოეული მათგანის ჩვენებიდან:
1. ვახტანგ ბოლქვაძე, 26 წლის, მართლწესრიგის უფროსი
ოფიცერი
“გაჩერებულები ვიყავით სამსახურის ეზოში არსებულ
საგუშაგოს შესასვლელის გარეთა მხარეს, უშალოდ შესასვლელი ჭიშკრის
მიმდებარედ, სადაც იდგნენ მომიტინგეებიც. ირაკლი დგებუაძემ აქციის
მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი
მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება,
რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციელების მიმართულებით და არღვევდნენ
საზოგადოებრივ წესრიგს.
როდესაც ირაკლი დგებუაძე ამ განმარტებას აკეთებდა აქციის
მონაწილეებთან, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი.
ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს შავი
ფერის უკან შეკრული თმა. ეს უკანასკნელი გახლდათ მზია ამაღლობელი.
ისინი გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად, პოლიციელთა მიმართა
აგრესიას. კერძოდ, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მას და ითხოვდნენ
დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას.
ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით
გასვლა, რა დროსაც მასთან მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა
შავი ფერის უკან შეკრული თმა, ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ
პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ. ირაკლი
დგებუაძე ამ მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ
და სწორედ ამ დროს, ხსენებულმა ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელით
დაარტყა ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის არეში.
აღნიშნული ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი
ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის
შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული
შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში. ეს დაკავებული
ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი […]”, – ჰყვება
ბოლქვაძე გამოკითხვისას.
ნაწყვეტი ვახტანგ ბოლქვაძის გამოკითხვის
ოქმიდან
2. დავით ანთაძე, 20 წლის, პოლიციის ოფიცერი
“ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ
რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა
ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ
პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ
წესრიგს.
როდესაც ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებთან აკეთებდა ამ
განმარტებას, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი, ერთ
ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს შავი ფერის
უკან შეკრული თმა. ეს უკანასკნელი გახლავთ მზია ამაღლობელი. ისინი
გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართა
აგრესიას. კერძოდ ხმამაღლა ესაუბრებოდნენ და ითხოვდნენ დაკავებულების
სასწრაფოდ გათავისუფლებას.
ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით
გასვლა, რა დროსაც მასთან მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა
შავი ფერის უკან შეკრული თმა, ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ
პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ. ირაკლი
დგებუაძე ამის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ და
სწორედ ამ დროს, მზია ამაღლობელმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა
ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის არეში.
აღნიშნული ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი
ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის
შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული
შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში. მე დავრჩი
გარეთ, ეზოში არ შევსულვარ”, – აცხადებს დავით
ანთაძე.
ნაწყვეტი დავით ანთაძის გამოკითხვის
ოქმიდან
3. არჩილ ანთაძე, 40 წლის, განყოფილების უფროსი;
“აქციის მონაწილეებთან გავიდა ბათუმის საქალაქო
სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე. მისი სამხარეო დეპარტამენტთან
გამოსვლის დროს მე ვიმყოფებოდი გარეთ. იქვე იყო ბათუმის საქალაქო
სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ბჟალავა. ვიდექით ეზოში
არსებული საგუშაგოს გარეთა მხარეს, კერძოდ შესასვლელი ჭიშკრის
მიმდებარედ.
ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის
წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული
სამართალწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციის
თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
როდესაც ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებთან აკეთებდა ამ
განმარტებას, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი, ერთ
ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს შავი ფერის
უკან შეკრული თმა. ეს ქალბატონები გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და
ზოგადად პოლიციელთა მიმართა აგრესიას, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მას და
ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას.
ირაკლი დგებუაძემ განმარტების შემდეგ დააპირა გასვლა, რა დროსაც მის
სიახლოვეს მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან
შეკრული თმა, მარცხენა ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ
პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა თავისკენ. ირაკლი დგებუაძე
მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც ქალბატონმა
მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის
მიდამოში.
აღნიშნული ქალბატონი უშუალო სიახლოვეს მყოფი პოლიციელების, ბერდია
ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული
ბრალდებულის სახით და ის შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის
დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ
ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია
ამაღლობელი”, – ამბობს არჩილ ანთაძე.
ნაწყვეტი არჩილ ანთაძის გამოკითხვის
ოქმიდან
4. ცოტნე ქართველიშვილი, 23 წლის, პოლიციის
ოფიცერი;
“ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ
რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა
ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ვინაიდან ისინი იგინებოდნენ
პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ
წესრიგს. როდესაც ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებთან აკეთებდა ამ
განმარტებას, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი. ერთ
ქალბატონს ჰქონდა წითელ ფერში გარდამავალი თმა, ხოლო მეორეს შავი
ფერის უკან შეკრული თმა. ეს ქალბატონები გამოხატავდნენ ირაკლი
დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართა აგრესიას, ხმამაღლა
ესაუბრებოდნენ მას და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ
გათავისუფლებას.
განმარტების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ დააპირა მიმდებარე ტერიტორიიდან
გასვლა. სწორედ ამ დროსაც მის სიახლოვეს მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც
ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმები, მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი
დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე. ირაკლი დგებუაძე ამ
მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც
ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა დგებუაძის მარჯვენა
ლოყა-ყურის მიდამოში.
რისთვისაც ეს ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი
ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის
შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული
შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებული
ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი”, – წერია ცოტნე
ქართელიშვილის გამოკითხვის ოქმში.

ნაწყვეტი ცოტნე ქართველიშვილის გამოკითხვის
ოქმიდან
ოთხივე მათგანი აღნიშნავს, რომ ამაღლობელის დაკავების შემდეგ დარჩნენ
აქციაზე, პოლიციის საგუშაგოს წინა მხარეს, მოქალაქეებთან და არ
დასწრებიან იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც დაკავებულს უკვე
პოლიციის შენობაში ჩაუტარდა.