ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით,
სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებს 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებზე ჰქონდათ გავლენა.
კერძოდ, მოსახლეობაში სოციალური დახმარების მიმღებთა წილის ერთი
პროცენტული პუნქტით ზრდა იწვევს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული
ხმების წილის 0.47–0.53 პროცენტული პუნქტით ზრდას. არჩევნების საერთო
კონტექსტის და შედეგების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების გაფართოებამ, შესაძლოა,
„ქართულ ოცნებას“ დამატებით
45,500-დან 50,000-მდე ხმა მოუტანა, რაც
ხმების საერთო რაოდენობის 2.2–2.5%-ს შეადგენს.
"შედეგები აჩენს კრიტიკულ კითხვებს სოციალური დახმარების
პროგრამების, როგორც პოტენციური სტრატეგიული პოლიტიკური იარაღის,
გამოყენებასთან დაკავშირებით", - წერია კვლევაში.
ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნობრივი სოციალური
დახმარება საარსებო შემწეობის სახელმწიფო პროგრამაა, რომლის მიზანია
ფინანსური დახმარება გაუწიოს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს.
2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით (წინა საპარლამენტო არჩევნების
თარიღი), საქართველოში სოციალური დახმარება 142 870 ოჯახმა
შესაბამისად, 510 343 პირმა მიიღო.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებამდე, სოციალური დახმარებების თვიური მოცულობა მნიშვნელოვნად
გაიზარდა. 2024 წლის ოქტომბრისათვის დახმარების მიმღები ოჯახების
რაოდენობა 25%-ით 178 107 ოჯახამდე გაიზარდა, ხოლო ინდივიდუალური
ბენეფიციარების რაოდენობა 34%-ით გაიზარდა და 684 432-ს მიაღწია.
ყველაზე შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა სოციალური დახმარების მთლიან
თვიურ მოცულობაში, რომელიც 143%-ით გაიზარდა და 69 936 512 ლარი
შეადგინა, რაც ყოველწლიურად საშუალოდ 25%-იან ზრდას შეესაბამება.
2022 წელს ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება სოციალური დახმარების
იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებიც იმყოფებიან 18 წლიდან საპენსიო
ასაკამდე, არ წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების პირს და არ აქვთ
სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს
ბენეფიციარების დასაქმების შესაძლებლობებს, ძირითადად, საჯარო
სექტორში, თვეში 300 ლარამდე ხელფასით.
დასაქმების შემთხვევაში მიღებული ხელფასი გავლენას არ ახდენს
ბენეფიციარის სოციალური დახმარების მოცულობაზე. დასაქმების პროგრამის
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმდნენ საჯარო სექტორში,
ოფიციალურად გააფორმონ არაფორმალური დასაქმება ან თუ დასაქმებულნი
არიან კერძო სექტორში, წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების პროგრამის მონაწილე ოჯახები და პირები
გარანტირებულად მიიღებენ საარსებო შემწეობას ოთხი წლის განმავლობაში,
რადგან ამ პერიოდში არ მოხდება მათი სოციალური სტატუსის გადახედვა.
2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, დასაქმების პროგრამაში
მონაწილეობას 50 962 ოჯახი იღებს, რაც სოციალური დახმარების მიმღები
ოჯახების 28.6%-ს შეადგენს. ამ ოჯახებისათვის ყოველთვიურმა სოციალურმა
დახმარებამ 22 766 706 ლარი შეადგინა, რაც სულ გაცემული სოციალური
დახმარების 33%-ს წარმოადგენს.