სოფლის ექიმების ნაწილი არაა სერტიფიცირებული საოჯახო მედიცინაში - აუდიტის მიგნებები
სოფლის ექიმების ნაწილი არ არის გადამზადებული და სერტიფიცირებული საოჯახო მედიცინაში , თუმცა 2015 წელთან შედარებით არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც “სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის მართვის ეფექტიანობას ეხება.

როგორც აუდიტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია წერია, თავდაპირველი აუდიტის ჩატარებისას სოფლის ექიმების მხოლოდ 60%-ს ჰქონდა ოჯახის ექიმის სერტიფიკატი. ხოლო დანარჩენი ექიმები ვიწრო სპეციალობის ექიმები იყვნენ. 2024 წლის
პირველი კვარტლის მდგომარეობით კი, 1282 ექიმიდან საოჯახო მედიცინის სერტიფიკატს ფლობს 1038 (81%), თუმცა ანალიზით იკვეთება განსხვავებები რეგიონულ დონეზე.

აუდიტის რეკომენდაციაა, რომ სოფლების სათანადო კვალიფიკაციის ექიმებით დაკომპლექტების მიზნით, შესაბამისი კვლევის/ანალიზის საფუძველზე(მაგალითად, სოფლის ექიმების საქმიანობის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით) ნათლად განისაზღვროს სოფლის ექიმების პროფესიული განვითარების მინიმალური მოთხოვნები.

რაც შეეხება სოფლის ექიმების ანაზღაურებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელიწადში გაიზარდა მათი ხელფასი, აუდიტის დასკვნით, სოფლის ექიმების ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოში საშუალო მაჩვენებელს (2004.9 ლარი).

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ერთი სოფლის ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა თვეში 650 ლარის ოდენობით, ხოლო ერთი ექთნის მომსახურების ღირებულება − თვეში 455 ლარის ოდენობით. 2014 წელთან შედარებით სოფლის ექთნებისა და ექიმების ანაზღაურება გაზრდილია და ექიმის ხელფასი განისაზღვრება თვეში 1 262.50 ლარის ოდენობით, ხოლო ექთნის − 1 018.75 ლარის ოდენობით.

“WHO-ის პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა დამატებითი ფინანსური წახალისება სოფლის ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის, რათა შეინარჩუნონ ექიმები და ექთნები და უზრუნველყონ პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა სოფლად.

მსგავსი ანაზღაურების სისტემის დანერგვის წინაპირობა საინფორმაციო სისტემების განვითარებაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებიდან პაციენტების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და ანალიზი.

თავდაპირველ აუდიტზე მუშაობის პროცესში სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება ფიქსირებული იყო და შესაბამისად, არ ემყარებოდა ექიმის მოტივაციის ამაღლებას. საქართველოში მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ეხება პირველადი ჯანდაცვის ექიმების ანაზღაურების სქემას. რეფორმის პროექტი იზიარებს საერთაშორისო პრაქტიკას შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურების სისტემის შესახებ, რაც გზამკვლევის მიხედვით, გულისხმობს კონკრეტული გამოსავლების და შედეგების ინდიკატორების დაწესებას, რომელთა შესრულება გახდება თანხის ანაზღაურების საფუძველი.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გზამკვლევის სამუშაო ვერსიის მიხედვით, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის ეტაპობრივად დანერგვა 2022 წლიდან იყო დაგეგმილი. კერძოდ, დიდი ქალაქების მუნიციპალიტეტების დონეზე, დაწესებულებებს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს, გაზრდილ ბაზისურ კაპიტაციასთან ერთად, უნდა მიეღოთ დამატებითი (დიფერენცირებული) კაპიტაციური დაფინანსება პრიორიტეტული ჯანდაცვის პრობლემების მართვისთვის. ასევე სოფლად, 2023 წლიდან გლობალური ბიუჯეტით ბაზისურ დაფინანსებასთან ერთად სოფლის ექიმებსა და ექთნებს უნდა მიეღოთ დამატებით კაპიტაციური დაფინანსება პრიორიტეტული ჯანდაცვის პრობლემების მართვისთვის. ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო შედეგების მიხედვით: მიმწოდებლებს მიეცემოდათ ყოველთვიური კაპიტაცია (ბაზისური და დამატებითი კაპიტაცია), ხოლო კვარტალში ერთხელ, წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების შედეგების მონიტორინგის საფუძველზე, თანხები (დამატებითი კაპიტაცია) დაკორექტირდებოდა შესრულების შედეგების შესაბამისად.

გზამკვლევით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული საკითხები 2024 წლის მდგომარეობით არ შესრულებულა”,
- წერია აუდიტის ანგარიშში.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები