ბიზნესმენი და პოლიტიკოსი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და
სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და
ქიმიური მრეწველობის ფაკულტეტზე. 1962 წელს ინსტიტუტის დამთავრების
შემდეგ მუშაობა დაიწყო კვებისა და მრეწველობის სამეცნიერო - კვლევით
ინსტიტუტში მეცნიერ - თანამშრომლად. 1967 წელს გოგი
თოფაძემ ჩააბარა
მოსკოვში ორგანული ქიმიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის
ასპირანტურაში.
1969 წელს დაიცვა დისერტაცია, რის შემდეგაც მას მიენიჭა ტექნიკურ
მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1970-1975 წლებში თოფაძე მუშაობდა
თბილისი საპნის ქარხნის დირექტორად. 1975-დან 1986 წლამდე იყო
საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი. 1986 წლიდან
მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად. 1994 დააარსა
ლუდის კომპანია „ყაზბეგი“. 1997 და 1998 წლებში დაასახელეს
საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.
1999-2005 წლებში იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს
საქართველოს“ თავმჯდომარე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5
მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი:
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ფრაქცია „მრეწველების“
თავმჯდომარე. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის
პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „მემარჯვენე
ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“.
2005 წლიდან იყო პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს
საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო
პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა
შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.
2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში თოფაძემ კენჭი იყარა
თბილისის მერის პოსტზე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8
მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა
ივანიშვილი - ქართული ოცნება“.