დავით კეზერაშვილი „ფორმულას“ წილის მფლობელი აღარაა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის მფლობელი აღარაა.

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიას „ფორმულას“ კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა. რეესტრმა დავით კეზერაშვილისგან წილის გადაფორმების პროცესი 11 მარტს დაასრულა.

ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ასე ნაწილდება:

  • მიხეილ მშვილდაძე – 38.25%
  • ირაკლი საღინაძე – 2.25%
  • ზურაბ გუმბარიძე – 32.25%
  • გიორგი ლიფონავა – 2.25%
  • ააიპ „თავისუფლების ფორმულა“ – 25%
„თავისუფლების ფორმულას“ გამგეობის
წევრები ტელეკომპანიის თანამშრომლები არიან, გამგეობის თავმჯდომარეა არხის ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი.

„ფორმულას“ დაფუძნებისას დავით კეზერაშვილი 51%-იან წილს ფლობდა, თუმცა 2023 წელს 51%-დან „თავისუფლების ფორმულას“ 25% გადასცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კეზერაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც BBC-იმ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კეზერაშვილი დაკავშირებული იყო „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

თუმცა 2024 წლის ბოლოს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ BBC-სთან სასამართლო დავა დასრულდა და შედეგად მედიამ ჟურნალისტური გამოძიება წაშალა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები