ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე
ჰქონდა მისჯილი, დღეს კიდევ ერთ საქმეზე,
„პიჯაკების საქმეზე“ მიუსაჯეს პატიმრობა, - ამჯერად 9 წლით.
სასამართლომ ამავე საქმეზე ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას, - სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, - ჯარიმა მიუსაჯა 300 000
ლარის ოდენობით.
დაცვის მხარე, - ასევე, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური
მოძრაობა“ და სხვა არაერთი ოპოზიციური ჯგუფი,
- საქმეს და ამ
გადაწყევეტილებასაც პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„9-წლიანი
პატიმრობა“
ბრალდება, რაც სააკაშვილსა და ჯანაშიას ჰქონდათ 9 მილიონი ლარის
„ჯგუფურ გაფლანგვის“ საქმეზე წარდგენილი, 7-დან 11 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებდა.
მოსამართლემ ჯერ განაცხადა, რომ ჯანაშიას „გაფლანგვა“ არ იკვეთება,
შესაბამისად, საქმეში „ჯგუფურობა“ არ ჩანდა, ამიტომ ეს ბრალდება
„ზედმეტად წარდგენილ“ ბრალდებად ჩათვალა.
თუმცა განაცხადა, რომ სააკაშვილმა თანხა „გაფლანგა“, ხოლო ჯანაშიამ
„სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა საჯარო ინტერესების
საწინააღმდეგოდ“.
საბოლოოდ, მან მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო
ჯანაშიას - 300 000 ლარის ოდენობის ჯარიმა.
რას ნიშნავს
ეს
სააკაშვილს ამჟამად 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. 2021 წლის 1
ოქტომბრის, - საქართველოში ფარულად შემოსვლისა და დაკავების შემდეგ ის
პატიმრობაშია. ამჟამად - კლინიკა „ვივამედში“.
მოსამართლის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ ეს გადაწყვეტილება
ნიშნავს, რომ დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, კიდევ
ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა.
„ბიძინას მონა“ - ხმაური სასამართლოში
განაჩენის გამოცხადებას დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა,
„ბიძინას მონა“, - ასე უწოდეს მათ მოსამართლეს.
მოსამართლემ სხდომის დასაწყისშივე თქვა, რომ „წესრიგის დარღვევის“
შემთხვევაში მათ გააძევებდა. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ზვიად
კუპრავა, დარბაზიდან გააძევეს.

კოჭლამაზიშვილმა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე თქვა, რომ
ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, თითქოს ბრალდებაში ნახსენები
ხარჯები „არ იყო პირადი ხარჯები“, და განაცხადა:
„როდესაც საქმეში წარმოდგენილია ასეულობით ათასი ლარის ხარჯი
კოსმეტოლოგიური მომსახურებისათვის, რაც ჩატარებულია საზღვარგარეთი
წამყვან კლინიკებში, ამ ხარჯების დაკავშირება ოკუპირებული
ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან, შეუძლებელია“.
„საქმეში წარმოდგენილია ასევე, მაგალითად, იმდროინდელი პრეზიდენტის
სწავლების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც
ბიუჯეტს დაუჯდა 60 000 ლარამდე. ეს ხარჯიც ვერ ჩაითვლება ქვეყნის
ინტერესებისთვის გაღებულ ხარჯად“, - თქვა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.
სააკაშვილი დასწრებას
ითხოვდა
სხდომას არ დასწრებია მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც წინა საღამოს
განაცხადა, რომ სურდა, პროცესს დასწრებოდა.
თუმცა, მისი თქმით, ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს დასწრებას და
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას განაჩენის გამოცხადების გადადება
სთხოვა.
მოსამართლე კოჭლამაზიშვილმა განაცხადა, რომ პროცესი ვერ
გადაიდება:
„არათუ რომელიმე ბრალდებულის, არამედ არცერთი მხარის გამოუცხადებლობას
არ აბრკოლებს სასამართლოს განაჩენის გამოცხადებაში“, - განაცხადა
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ უცნობია, როდის გამოჯანმრთელდება
სააკაშვილი და „განუსაზღვრელი დროით პროცესის გადადება ვერ
მოხდება“.