გამოჩენილმა ბრიტანელმა ქართველოლოგმა, დონალდ რეიფილდმა უარი
განაცხადა საქართველოს მწერალთა სახლისგან ჯილდოს მიღებაზე.
როგორც დონალდ რეიფილდმა თქვა, ის ვერ მიიღებს ვერანაირ საჩუქარს, რაც
„ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება.
ამის შესახებ მან 11 მარტს, ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე
განაცხადა, რომელიც საქართველოს მწერალთა სახლის, კულტურის
სამინისტროს და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ იყო
ორგანიზებული.
ღონისძიებამ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველების საპროტესტო აქციის
ფონზე ჩაიარა.
ღონისძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ დონალდ
რეიფილდისთვის ჯილდო ქართულ ენაში, ლიტერატურასა და ისტორიაში
შეტანილი წვლილისთვის მწერალთა სახლის ხელმძღვანელს, „ქართული
ოცნების“ ყოფილ დეპუტატსა და რუსული კანონის მხარდამჭერს, ქეთევან
დუმბაძეს უნდა გადაეცა.
ბრიტანეთში მცხოვრები ლიკა თარხან-მოურავის ინფორმაციით, დონალდმა
რეიფილდმა ორგანიზატორებს მისწერა რომ ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოს ვერ
მიიღებდა. მისივე ცნობით, საბოლოოდ ქეთევან დუმბაძე ლონდონში აღარ
ჩავიდა.
ღონისძიებაზე მისულმა დონალდ რეიფილდმა კი „ქართული ოცნება“
გააკრიტიკა და ჯილდოზე საერთოდ უარი თქვა.
„მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება.
მე ვერ მივიღებ ვერანაირ საჩუქარს, რომელიც ასოცირდება მმართველ
პარტიასთან, რომელიც საქართველოს ამ მდგომარეობაში ამყოფებს. იმედი
მაქვს, რომ მომავალ თაობას შეუძლია რამის შეცვლა“, –
განაცხადა დონალდმა რეიფილდმა.