კრიმინალური პოლიციის დეტექტივი, რომელიც შარშან არასრულწლოვანი
შვილის თანდასწრებით ცოლს სცემდა,
ემუქრებოდა და შუბლზე იარაღი მიადო, ახლახანს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დეტექტივმა, - როდესაც ცოლი მასთან
ერთად ცხოვრობდა, - არაერთხელ იძალადა მასზე ფიზიკურად და არაერთხელ
დაემუქრა.
გამოძიება აღწერს, რომ 2024 წლის გაზაფხულზე, - სურამში, დეტექტივი
ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო
და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
პოლიციელი, გამოძიების თანახმადვე, შემდეგაც აგრძელებდა ძალადობასა და
მუქარას.
მოგვიანებით, - ზუსტად როდის, უცნობია, - დაზარალებულმა ქალმა
საგამოძიებო უწყებებს მიმართა. მსგავს საქმეებს სპეციალური
საგამოძიებო სამსახური იძიებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ გამოჰკითხეს
დაზარალებული, ასევე, მისი ოჯახის წევრები, გამოითხოვეს ელექტრონული
ინფორმაცია და „მოიპოვეს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები“.
დეტექტივი სასამართლოს განჩინების შემდეგ დააკავეს.
მას რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი:
- ოჯახში ძალადობა, - რაც ორ წლამდე პატიმრობას ან 80-150
საათით საზოგადოებრივ შრომას ითვალისწინებს;
- ოჯახში ძალადობა დამამძიმებელი გარემოებით, -
„არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, - რაც
200-დან 400 საათამდე საზოგადოებრივი შრომით ან 1-დან 3 წლამდე
პატიმრობას ითვალისწინებს;
- მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, - რაც 170-დან 200 საათამდე
შრომით, 2 წლამდე „გამასწორებელი სამუშაოთი“ ან 3 წლამდე პატიმრობით
ისჯება.