პრევენციულ დაკავებაზე „ოცნების" მიერ მიღებული ცვლილების საფრთხეები და შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან | საიას ანალიზი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) გააანალიზა „ქართული ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც, პოლიციელს შეუძლია პრევენციულად, მხოლოდ მისი ვარაუდის საფუძველზე, დააკავოს მოქალაქე.

2024 წლის 13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის 244-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატა პირის პრევენციულად დაკავების შესაძლებლობა.

ანალიზის მიზანია, პასუხი გასცეს შემდეგ საკითხებს:
  • რამდენად შეესაბამება ეს ცვლილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას?
  • რა საფრთხეებს შეიცავს ეს ცვლილება?
  • შეიძლება თუ არა მოქალაქის დაკავება კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენის გარეშე?
ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლების და პიროვნული ხელშეუხებლობის უფლება. არავის არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოსთან მისი წარდგენის მიზნით, თუკი არსებობს დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვი, ასევე, როდესაც დაკავება ან დაპატიმრება აუცილებელია დანაშაულის პრევენციის ანდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაქცევის თავიდან ასაცილებლად.

როგორც საია აღნიშნავს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი პოლიციას არ აკისრებს ვალდებულებას, პრევენციულად დააკავოს ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ამ ღონისძიების გამოყენების გარეშე ის მომენტალურად ჩაიდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ქართულ პოლიციას პრევენციული დაკავების შესაძლებლობა აქვს არა იმწუთიერად, არამედ შორეულ მომავალში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრევენციის მიზნითაც.

ორგანიზაციის შეფასებით, პრევენციული დაკავების უფლებამოსილების გაჩენის იზოლირებულმა ცვლილებამ წარმოშვა კომპლექსური საკითხები, რომლებიც ამ ეტაპზე არც კანონმდებლობით და არც სასამართლო პრაქტიკით არ არის გადაწყვეტილი.

საია მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან ადამიანის პრევენციული დაკავებისთვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს, რომ ეს დაკავება ემსახურებოდეს სამართალდარღვევის ჩადენის მყისიერი საფრთხის აღმოფხვრას.

„იმავდროულად, პოლიციელს არ ევალება, პრევენციულ დაკავებამდე დაასაბუთოს, რა კონკრეტული და სპეციფიკური სამართალდარღვევის ჩადენას აპირებდა დაკავებული პირი, რა დროს და რა ადგილას უნდა მომხდარიყო ეს სამართალდარღვევა და ვინ იქნებოდა მისი მსხვერპლი. ამგვარ სტანდარტებს არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი და არც სხვა საკანონმდებლო ნორმები არ მოიცავს, რაც პრევენციულ დაკავებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს მოაწესრიგებდა”, – წერს საია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აღნიშნავს, რომ „ამ საკანონმდებლო ცვლილებამ გააჩინა განჭვრეტადობის პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ უცნობია, რა ეტაპზე ჩნდება პირის პრევენციული დაკავების უფლებამოსილება – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ სურვილის საჯაროდ ან პირად სივრცეში გამოხატვიდან, თუ იმ მომენტიდან, როცა ადამიანი კონკრეტული ქმედებით მოამზადებს ან შეეცდება სამართალდარღვევის ჩადენას”.

„ასევე, გაურკვეველია, პოლიციას მხოლოდ იმის უფლება აქვს, პრევენციულად დააკავოს პირი, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის დაკისრებიდან ერთი წელი არ არის გასული, თუ შეუძლია ნებისმიერი ისეთი ადამიანის დაკავება, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის დაკისრებიდან გასული პერიოდის მიუხედავად.

პრევენციული დაკავება არ ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების მყისიერი საფრთხე. ამასთანავე, პოლიციას აქვს ადამიანის პრევენციული დაკავების შესაძლებლობა ისე, რომ მას არ ეკისრება იმ კონკრეტულ და სპეციფიკურ სამართალდარღვევაზე მითითების ვალდებულება, რომლის ჩადენის პრევენციისთვისაც პირს აკავებს.

სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციისგან არ ითხოვს, მიუთითოს ადგილი და დრო, სადაც შეიძლებოდა სამართალდარღვევა მომხდარიყო, ან დაასახელოს ამ სამართალდარღვევის პოტენციური დაზარალებული.

პრევენციული დაკავების შემთხვევაში გამოიყენება ადმინისტრაციული დაკავების ზოგადი ვადები: ერთი დღე-ღამიდან ორ დღე-ღამემდე პერიოდი, მაშინ, როცა სასამართლო კონტროლის გარეშე პრევენციული დაკავება დღე-ღამის კი არა, რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა დასრულდეს – იმ მყისიერი საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას განაპირობებს. კანონმდებლობა ადგენს პრევენციული დაკავების, როგორც ultima ratio საშუალების გამოყენების ვალდებულებას, თუმცა პრაქტიკაში აუცილებელია ამ მოთხოვნის ზედმიწევნით დაცვა“,
– ნათქვამია განცხადებაში.

საიას ანალიზს სრულად გაეცანით ბმულზე.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები