პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმაურება „საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და
ამბობს,
რომ დაწყებული აქვს „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი,
რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შესწავლა. საია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდობიანი
დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური
კონტროლისთვის იყენებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ამბობს, რომ სწავლობენ შსს-ს
მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული
სამართალწარმოების
პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების
კანონიერებასაც. უწყება ამბობს, რომ შემოწმების დასრულებამდე, მოქმედი
კანონმდებლობის თანახმად, სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების
შესაძლებლობას.
იხილეთ განცხადება:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოებას
ვაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 2025 წლის 18
თებერვალს, საკუთარი ინიციატივით, დაიწყო 2 დამოუკიდებელი არაგეგმური
შემოწმება (ინსპექტირება), რომელიც მოიცავს:
• შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კამერების
მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა
დამუშავების კანონიერების შესწავლას;
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური
ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების
პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შესწავლას.
აღნიშნულის თაობაზე, 2025 წლის 20 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციას ეცნობა წერილობით. პერსონალური მონაცემების
დამუშავების კანონიერების 2 შემოწმება (ინსპექტირება) მიმდინარე
ეტაპზეა, შესაბამისად, მის დასრულებამდე, მოქმედი კანონმდებლობის
თანახმად, სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების
შესაძლებლობას“.