აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის,
გაზისა და საბანკო სექტორებზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს აშშ-ის
გადახდის სისტემებზე რუსეთის ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით, -
ამის შესახებ CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით
იუწყება.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ოთხშაბათს გააუქმა
ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში
დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული
ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას
იძლეოდა.
ამ ნაბიჯის შედეგად კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის
სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების
განსახორციელებლად.
რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ
სანქციებისაგან, მოიცავდა : „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია
„ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა-
ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და
რუსეთის ცენტრალურ ბანკს.
CBS News-ი წერს, რომ ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის
შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის
შეძენას ურთულებს, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან
შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც
შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.
CBS News-ი ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვების გამკაცრება იმ ფონზე ხდება,
როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს
შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები უკრაინაში ომის
დასასრულებლად.