აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერისთვის მზადაა,
– ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია
აღნიშნული.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქოს
შეატყობინეს, რომ ერევანი თანახმაა „აზერბაიჯანის წინადადებებზე
ხელშეკრულების პროექტის ორ მოუგვარებელ მუხლთან დაკავშირებით“.
კონკრეტულად რა მუხლებზეა საუბარი, განცხადებაში აღნიშნული არ არის
მითითებული.
„შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის
ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის, დაიწყოს
კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის
დროისა და
ადგილის შესახებ“, – აღნიშნულია
განცხადებაში.
სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანულ
მხარეს ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზეს ხელშეკრულების
პროექტზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, თუმცა ბაქომ
უპირატესობა მიანიჭა ცალმხრივი განცხადების გაკეთებას.
ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში
აღნიშნულია, რომ დასრულდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს
შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების
შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე.
„ასევე, ვადასტურებთ აზერბაიჯანის ხანგრძლივ და პრინციპულ
პოზიციას, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილება, რომელიც აღმოფხვრის
პრეტენზიებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
წინააღმდეგ, არის წინაპირობა მოლაპარაკებული ტექსტის
ხელმოსაწერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მზად
არიან, გააგრძელონ ორმხრივი დიალოგი ამ და სხვა საკითხებზე, რომლებიც
უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესს.