შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
პატრულ-ინსპექტორის
350 ცალ სამკერდე კამერას და 200 ცალისთვის პროგრამულ ლიცენზიას
ტენდერის გარეშე იყიდის. შესყიდვის საერთო ღირებულება 849 ათას 500
ლარია.
დეპარტამენტის განაცხადით, ასევე ირკვევა, რომ უწყებაში ბოლო პერიოდში
გაიზარდა პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობაც.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორთა
გაზრდილი პირადი შემადგენლობის აღჭურვისა და დაზიანებული კამერების
ჩასანაცვლებლად, გვესაჭიროება ოფიცრის სამკერდე კამერების დამატებითი
რაოდენობის შეძენა“, – წერს
საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.
ამავე განაცხადით, დეპარტამენტი სააგენტოს სთხოვს თანხმობას, „რათა
შესაბამისმა სამსახურმა გააფორმოს ხელშეკრულება შპს „ენ ჯი თი
ჯგუფი“-სთან ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე და შეძენილი
იქნას 350 კომპლექტი ოფიცრის სამკერდე კამერა და 200 ერთეული კამერის
მუდმივმოქმედი ლიცენზია [150 ერთეული კამერა გათვლილია დაზიანებული
ტექნიკის ჩასანაცვლებლად, რომელთათვისაც უკვე ნაყიდია ლიცენზია და
აღარ საჭიროებს განმეორებით შესყიდვას], ხელშეკრულების საერთო
ღირებულებით 849 500 ლარი“.
ამ განაცხადის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ
პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობა მინიმუმ 200 თანამშრომლით არის
გაზრდილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ საპატრულო პოლიციის მიერ 2018
წლიდან გამოიყენება და დღეის მდგომარეობით გვაქვს 2 907 ერთეული
კომპანია „AXON“-ის წარმოებული „BODY 2“ მოდელის სამკერდე კამერა,
ამავე კომპანიის წარმოებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ლიცენზია და
პროგრამული უზრუნველყოფა, შეუძლებელია ამ სისტემაში სხვა წარმოების
კამერების ჩართვა, შესაბამისად არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა
შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად“, – წერს
დეპარტამენტი სააგენტოს.
საპატრულო პოლიცია, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე პროევროპული
საპროტესტო აქციების გამო, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა
გადასული.
„მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე,
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე საპროტესტო აქციების
მშვიდობიან რეჟიმში ჩატარების უზრუნველყოფის, სამოქალაქო სიმშვიდის
შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო
პოლიციის ეკიპაჟებს უხდებათ განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე
გადასვლა…“ – აღნიშნულია დეპარტამენტის ერთ-ერთ
განაცხადში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ
„პატრულ-ინსპექტორები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების
შესრულების პროცესის სწორად წარმართვისათვის, კერძოდ სხვადასხვა
მართლსაწინააღმდეგო ფაქტის დაფიქსირებისა და შესაბამისი სამსახურების
წარდგენის, მტკიცებულებად გამოყენების მიზნით, აღჭურვილნი არიან
ოფიცრის სამკერდე კამერებით“.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ასევე პროევროპულ აქციებზე
დაკავებული პირების საქმეებში მოწმეები არიან პოლიციელები, რომლებიც
სასამართლოში იდენტური ტექსტებით სდებენ ბრალს დაკავებულებს –
ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.