თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება გრძელდება.
სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის კიდევ 3
თანამშრომელი ავრცელებს.
ერთ-ერთი, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს ჯაბა ქარელია, რომელიც
თბილის მერიაში ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის
ბიზნესის განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობის განყოფილების
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო.
თავად ჯაბა ქარელი თბილისის მერიიდან გათავისუფლებას დასჯად აფასებს,
ვინაიდან ის ერთ-ერთი იყო იმ საჯარო მოხელეებს შორის,
რომელმაც ხელი
მოაწერა ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ კონსტიტუცია დაეცვა.
ჯაბა ქარელის თქმით, მისი ერთადერთი შემოსავალი სახელფასო ანაზღაურება
იყო.
„ეს დღეც დადგა, ოფიციალურად მაცნობეს, რომ თბილისის
მერიაში გამოცხადებული სადამსჯელო რეორგანიზაციის შედეგად
გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ტრაგედიაა, როდესაც საჯარო მოხელეს
კონსტიტუციის დაცვის მოწოდებაზე ხელმოწერის გამო სჯიან, რა თქმა უნდა,
ძალიან უსამართლოა ეს ყველაფერი და ეს ამ სახელმწიფოს არ ეკადრება, მე
ჯაბა ქარელი, ერთი წამითაც არ ვნანობ, არცერთ ჩემს ნაბიჯს საჯარო
სამსახურში ყოფნის მანძილზე, მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო
მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და
მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით თქვენივე მიღებულ
კონსტიტუციას არღვევდით, საკუთარ სამშობლოს ღალატობდით და ამავე ფიცის
დაცვას გავაგრძელებ, რომელიც თქვენ ცარიელ სიტყვებად გადააქციეთ,
რამეთუ ეს და სხვა ყველა თქვენი სადამსჯელო გადაწყვეტილება არის
უკანონო, არალეგიტიმური და დროებითი! ბრძოლას თავისუფალი
საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გპირდებით
მივიყვანთ ბოლომდე, თუ თქვენ არ იცით ეს რას ნიშნავს ჩვენ გაჩვენებთ
ეს როგორ ხდება“, – წერს ჯაბა ქარელი Facebook-ზე.
„ადამიანებს ათავისუფლებთ ამ სიტყვებისთვის –
„საქართველოს მომავალი ევროპაშია“ – წერს Facebook-ზე
თბილისის მერიიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი, თამთა
კაჭახიძე.
თამთა კაჭახიძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის პროექტებისა და განყოფილების
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იყო.
„და აი, დადგა დღე, როდესაც ჩამბარდა გათავისუფლების
ბრძანება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არავინ არაფერი იცოდა და
ჩემით შემთხვევით ცოტა ადრე გავიგე, რომ შტატს მიუქმებდნენ,
წარმოიდგინეთ ეს რომ არ ყოფილიყო, რა რთულია როცა მოდიხარ და უცებ
იგებ, რომ მორჩა, აღარ მუშაობ.
გულდასაწყვეტია, რომ ის ენერგია, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში
მოსვლას დავახარჯე და ის იმედები რაც მქონდა, უბრალოდ გაქრა.
ადამიანები და რეჟიმი, რასაც მაშინ ვებრძოდი, სახელშეცვლილი, მაგრამ
იგივეა და ახლაც მებრძვის.
უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანების, გათავისუფლებულების უკან
არიან ოჯახები, მცირეწლოვანი შვილები და მოხუცებული მშობლები,
ზოგიერთი ერთადერთი მარჩენალია ოჯახში და მათ ათავისუფლებთ ამ
სიტყვებისთვის – „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.
ხვდებით რამხელა თვითლუსტრირება მოახდინეთ? რას უპირებთ ამ ხალხს, დაე
შიმშილით დაიხოცონ? ეგ გაგიხარდებათ? ან თქვენს მომხრეებს რატომ
უხარიათ? ხედავთ რა დამართეთ თქვენს მოქალაქეებს? ადამიანის უკიდურესი
ფორმით გაწირვა უხარიათ… (ალბათ ყველას არა, მაგრამ კომენტარებში ასე
ჩანს, რომ ბევრს). კატასტროფაა ეს ყველაფერი“,- წერს
თამთა კაჭახიძე.
თამთა კაჭახიძის თქმით, სამსახურის დაკარგვა არაფერია, როცა ქვეყნის
დაკარგვის შიში გაქვს და ამიტომ არ გაჩერდებიან.
„თქვენ არ იცით რას ნიშნავს როცა შენს უკან სიმართლეა,
საიდან გეცოდინებათ, აღარავინ დარჩა თქვენს რიგებში საპასუხისმგებლო
თანამდებობებზე ისეთი, ვისაც ეს ოდესმე გამოუცდია ან უბრძოლიათ.
გამოწვევა მიღებულია – სისტემა უნდა დაინგრეს, ზუსტად ამას ვამბობდით
სტუდენტების აქციაზე, მწარედ მოგვატყუეს, მაგრამ მაშინ 20 წლისები
ვიყავით, ახლა დიდი გამოცდილება და წმინდა წყლის სიმართლე გვიმაგრებს
ზურგს! არცერთი ნაბიჯი უკან, გამარჯვების დროა! სისტემა უნდა
დაინგრეს“, – წერს თამთა კაჭახიძე.
თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს სალომე მაჭარაშვილიც. მისი თქმით,
კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა ყველა საჯარო მოხელისა და
მოქალაქის ვალდებულებაა.
ამიტომ, როგორც სალომე მაჭარაშვილი ამბობს, მისი მოვალეობის დაცვის
გამო სამსახურიდან გათავისუფლებას პატივად ჩათვლის,
„ჩემი და მერიის 18 წლიანი ურთიერთობაც დასრულდა…
მადლობა, ყველა ღირსეულ საჯარო მოხელეს, ვისთანაც მითანამშრომლია
მთელი ამ წლების განმავლობაში… მადლობა, ჩემს საუკეთესო გუნდს –
მუნიციპალური ინსპექციის სივრცეს , რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა
ყველასგან, ეთიკით, პროფესიონალიზმით, კომპეტენციით , დისციპლინით.
ამაყი, ვარ რომ ამ გუნდის შექმნაში ჩემი პატარა წვლილი მეც მიმიძღვის!
ამაყი ვარ , რომ მათი ხელმძღვანელი მერქვა! არ დამიკლია ძალისხმევა ,
ჩემი ცოდნა თუ გამოცდილება, რათა ადამიანებს ხარისხიანი სერვისი
მიეღოთ ამ სივრცეში!“ – წერს სალომე მაჭარაშვილი
Facebook-ზე.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან არაერთი
საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. საჯარო სამსახურებიდან
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აადვილებს 2024 წლის ბოლოს,
“ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის
დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა
ხელი.