ყაველაშვილმა გააუქმა ზურაბიშვილის განკარგულება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გააუქმა სალომე ზურაბიშვილის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ და ამ პოსტზე 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა.

მანუჩარ კაკოჩაშვილი არის ის კანდიდატი, რომელმაც წიქარიშვილის დანიშვნა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

„საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული
დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი. გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის თაობაზე“,
— ნათქვამია ყაველაშვილის ოფისის განცხადებაში.

კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 ივლისს დანიშნა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, რომელმაც საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება ჩაატარა, პრეზიდენტს ორი კანდიდატი წარუდგინა – წიქარიშვილი და გიორგი ბურჯანაძე. პრეზიდენტმა არჩევანი წიქარიშვილზე შეაჩერა. მისი დანიშვნიდან მალევე, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა საბჭოს წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, მანუჩარ კაკოჩაშვილმა.

კაკოჩაშვილმა მოითხოვა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების გაუქმება და ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც საბჭოს წევრი თავად გახდებოდა. გარდა ამისა, მან მოითხოვა სამართალწარმოების დასრულებამდე „ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა)”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ კაკოჩაშვილის მოთხოვნა 22 ივლისს დააკმაყოფილა. სწორედ იმ დღეს, როცა წიქარიშვილის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელება უნდა დაეწყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები