11 პირის პროცესი კვლავ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
პროევროპული საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა კვლავ ნახევრად დახურული ფორმატით მიმდინარეობს.

უკვე მესამე სხდომაა, რაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე ბრალდებულთა ახლობლებსა და სხდომაზე დასწრების მსურველებს სასამართლო დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევს.


ბრალდებულების ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა და მოითხოვეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო. ამ შუამდგომლობას თან დაერთო 130
ხელმოწერა, რომლებიც ბრალდებულების ახლობლებმა შეაგროვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები კვლავ მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

ბრალდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები პროცესის პარალელურად სასამართლოსთან არიან შეკრებილები.

მოსამართლემ სასამართლო სხდომა პირველად 4 მარტს დახურა ნახევრად.

4 მარტის სხდომის მიმდინარეობისამ პროკურატურამ არაერთხელ გაიმეორა, რომ მათ ჰქონდათ ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანდა, რომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ერთად ჩანან. აღნიშნულმა ბრალდებულ ჯანო არჩაიას გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მოსამართლე შვანგირაძემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

“სად ვჩანვარ, სად ვჩანვარ. ამდენჯერ თქვით ჩანხარო და მანახეთ, სად? სამი თვე მოგეცით, საკმარისი მტკიცებულებები უნდა შევაგროვოთო და ვერაფერი მოიტანეთ. დამიმტკიცეთ, რომ ვჩანვარ და თუ ეგრეა, არ მრცხვენია მე მაგის. კი, იქ ვიყავი და ახლა, დღეს რომ გამიშვათ აქედან, ახლაც იქ წავალ და დავდგები”,
– ამბობდა ბრალდებული.

ადვოკატებმა და დანარჩენმა ბრალდებულებმა მოითხოვეს ჯანო არჩაია რაც შეიძლებოდა მალე დაებრუნებინათ სხდომათა დარბაზში. ბრალდებულების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავადაც დატოვებდნენ დარბაზს. ჯანო არჩაიას მიმართ სოლიდარობას და ბრალდებულების განცხადებებს დარბაზი ტაშით შეხვდა, რა დროსაც მოსამართლემ დამსწრეებს “ემოციების შეკავებისკენ” მოუწოდა, ხოლო შემდეგ სხდომა ნახევრად დახურა და მასზე დასწრების საშუალება მხოლოდ მედიას მიეცა.

პროევროპული აქციების 11 მონაწილეს — ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რევაზ კიკნაძეს, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგი კუხარჩუკს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები