3 აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)
სამ დადგენილებაში ცვლილებები
დაამტკიცა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება
კენჭისყრის პროცესში მონაწილე პირებისთვის აკრძალვების დაწესებას.
ცვლილება შევიდა 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში, რომელიც
განსაზღვრავს ელექტრონული კენჭისყრის წესებსა და პირობებს. ამ
დადგენილებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის
იდენტობის შემოწმებისა და კენჭისყრის პროცესის დოკუმენტირების
შესაძლებლობას:
აკრძალულია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება
კენჭისყრის
ოთახში;
იკრძალება ამომრჩევლის პირადობის მოწმობის ჩვენების მოთხოვნა ან
წართმევა;
ასევე იკრძალება ამ დოკუმენტისა და სხვა პირად მონაცემთა
ფოტო/ვიდეოგადაღება ან სხვა ფორმით დამუშავება.
ცვლილება ცესკოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. ორგანიზაცია
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე
აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაცია კენჭისყრის პროცესზე დაკვირვების
შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზღუდავს:
„დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ იმ პირების გამოვლენას,
რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას („კარუსელი“) — რაც
გაყალბების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია,“ — აცხადებს
დოლიძე.
ცვლილება შევიდა 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილებაშიც, რომლის
მიხედვით:
კენჭისყრის შენობაში იკრძალება საჯაროად არ განხილული პირადი
მონაცემების ფოტო-ვიდეოგადაღება ან დამუშავება — მათ შორის,
ამომრჩეველთა სია, პირადობის მოწმობა, ვერიფიკაციის ქვითარი და
ამომრჩევლის არჩევანი ბიულეტენზე;
გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, როცა მსგავსი გადაღება საარჩევნო
კანონმდებლობით არის პირდაპირ დაშვებული.
ამასთან, დადგენილებაში პირველად დაფიქსირდა ფოტო-ვიდეოგადაღების
დროის ზღვარი:
ერთი და იგივე მედია საშუალების წარმომადგენელს შეუძლია საარჩევნო
უბანზე მხოლოდ ერთჯერადად, არაუმეტეს 10 წუთისა აწარმოოს
გადაღება.
თუ გადაღება 10 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდება, გადამღები ვალდებულია
კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ადგილზე
გადავიდეს.
გადაღების მინიმალური დისტანცია უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი
სუბიექტიდან ან ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შენობა ამ
შესაძლებლობას არ იძლევა.
ამავე წესები ვრცელდება კენჭისყრის დღესაც — თუმცა დაზუსტებულია,
რომ:
ფოტო-ვიდეოგადაღება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიშალოს
კენჭისყრის პროცესი;
გადაღება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან და
იმგვარად, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი;
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლების — მათ შორის
პოლიტიკური ლიდერების ან რელიგიური ფიგურების — ხმის მიცემის
დაფიქსირება დაუშვებელია, მაგრამ გადაღების დასრულებისთანავე კამერები
შენობიდან უნდა იქნას გატანილი.