პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების დეპარტამენტმა 2024 წელს,
ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე, დაზარალებულად 6 ადამიანი ცნო.
ამის შესახებ bm.ge-ის პროკურატურიდან აცნობეს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირების, "სამართლიანობის
აღდგენა" იყო. შესაბამისი დეპარტამენტი პროკურატურაში 2015 წელს
შეიქმნა. საქმიანობის შედეგებზე ინფორმაცია bm.ge-მ პროკურატურიდან
გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული მონაცემებით:
- გასულ წელს დაბრუნდა 712 000 ლარის ღირებულების
უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის,
1 მიწის ნაკვეთი, 1 ავტომანქანა და
ფულადი თანხა.
- 2024 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 25
ყოფილი საჯარო მოხელე, ამათგან, 3 პირი მხილებულია ქონების იძულებით
დათმობა/ჩამორთმევის ფაქტზე.
- 2025 წელს ქონების იძულებით დათმობის ფაქტზე მხილებულია
ერთი ყოფილი საჯარო მოხელე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში
დაზარალებულად ცნობილია 4 პირი, 4 ავტომანქანის იძულებით ჩამორთმევის
ფაქტზე. ზიანის საერთო ღირებულებაა 279 764 ლარი.
- დეპარტამენტის შექმნიდან, ანუ 2015 წლიდან დღემდე,
დაბრუნებულია ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000
ლარამდე ღირებულების ქონება.
პროკურატურის მიერ დეპარტამენტის შექმნიდან 2023 წლის ჩათვლით,
დაზარალებულად ცნობილი იყო 480 ადამიანი, შესაბამისად, გასულ წელს
ჯამური მაჩვენებელი 486-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი უფლებამოსილია, მხოლოდ სახელმწიფოს
ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს
გადაწყვეტილება.