2021-2022 წლებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციამ (ქვემო ქართლის გუბერნიამ) წარმომადგენლობითი
ხარჯებისათვის 18 457 ლარი გადაიხადა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული “სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-2022 წლებში განხორციელებული
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის”
მიხედვით, 2021-2022 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების,
სულ 9 ადმინისტრაციის, მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა
ჯამურად103,263 ლარი შეადგინა.
წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებების, ოფიციალური სადილების,
წვეულებების, ღონისძიებების და სუვენიერების
შეძენა/დამზადებისა და
სხვა ხარჯებს.
„იმერეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს გახარჯულ იქნა
ადმინისტრაციების მიერ ჯამურად გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების
70%, ხოლო 2022 წელს − 80%“. - აღნიშნულია აუდიტის
ანგარიშში
2021 წელს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ
წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 4 234 ლარი, ხოლო 2022 წელს 14 223
ლარი დახარჯა.
აუდიტმა წარმომადგენლობითი ხარჯების გაანალიზებისას სხვადასხვა
ნაკლოვანებები გამოავლინა. ხარჯების გაწევისას არ ხდებოდა მოხსენებითი
ბარათების შედგენა, ღონისძიებების დასახელებისა და მასში მონაწილე
პირების მითითებით, არ ხდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა
საჩუქრების გადაცემისას და არ ხდებოდა გარკვეული სახის ხარჯების
სათანადო დასაბუთება.
„ქვემო ქართლში 2022 წელს მოხსენებით ბარათებში არ იყო
მითითებული დამსწრე პირთა რაოდენობა და ვინაობები. ქვემო ქართლში
საჩუქრების გადაცემის დროს არ იყო შედგენილი შესაბამისი
დოკუმენტაცია“. - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხშირ შემთხვევაში
არ არის მითითებული ღონისძიების დასახელება ან ვერ დგინდება იმ
ღონისძიებების მიზანი, რომელთა ფარგლებში მოხდა წარმომადგენლობითი
ხარჯის გაწევა, ასევე არ არის მითითებული ღონისძიებებზე დამსწრე პირთა
ვინაობა და რაოდენობა. ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის
შედგენილი სტუმრებისთვის საჩუქრების გადაცემის აქტები, რაც წარმოშობს
ხარჯების დაუსაბუთებლად გაწევის რისკებს.