ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამკაცრებას გეგმავს
ევროკავშირი 2025 წლის მეორე ნახევარში გეგმავს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირს 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაუმარტივებს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

გასულ კვირას აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ევროპულ პარლამენტს, ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ინსტიტუციები მიზნად ისახავენ, რომ შეთანხმება მიაღწიონ მანამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთია.

შეთანხმების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება.

იოზვიაკის თქმით, ამჟამინდელი შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს, შეიძლება ამოქმედდეს აშკარა დარღვევების გამო: მაგალითად, თუ მოქალაქეები უვიზო მიმოსვლისას 90-ზე მეტი დღე რჩებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან ვიზალიბერალიზაციას იყენებენ იმისთვის, რომ ევროკავშირში თავშესაფარი მოძებნონ.

იოზვიაკი წერს, რომ
ახალი კანონმდებლობით შეჩერების ახალი საფუძველი ეხება ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებთან.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები