2024 წელს, საქართველო უფრო მეტმა რუსმა მიგრანტმა დატოვა, ვიდრე შემოვიდა
2024 წელს საქართველოში რუსეთის 23 574 მოქალაქის იმიგრაცია განხორციელდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 2-ზე მეტად ჩამორჩება.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში რუსეთის 25 612 მოქალაქე წავიდა, რაც ნიშნავს, რომ მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო და საქართველო რუსეთის მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ იმიგრანტების და ემიგრანტების ოფიციალურ სტატისტიკაში საქართველოს მოქალაქეების შემდეგ სწორედ რუსეთის ფედერაციის
მოქალაქეები არიან ყველაზე დიდი რაოდენობით.

თუ შევადარებთ გასული წლების მაჩვენებლებს, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა როგორც ემიგრანტების, ისე იმიგრანტების სტატისტიკაში, შემცირებულია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რუსი იმიგრანტი ქვეყანამ 2022 წელს მიიღო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას ემთხვევა. უფრო დეტალურად, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის გასული წლების სტატისტიკა ასეთია:

  • 2022 წელი - იმიგრანტი 62 304/ემიგრანტი 5 935;
  • 2023 წელი - იმიგრანტი 52 627/ემიგრანტი 35 344 ;
  • 2024 წელი - იმიგრანტი 23 574/ემიგრანტი 25 612.
ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად/იმიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ, საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.

შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.


წყარო: ბმ


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები