2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა - მიგრაციული სალდო დადებითია
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა, რაც 60.5%-ით ნაკლებია 2023 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე - 163 480 მოქალაქეზე.

საქსტატის გარე მიგრაციის მაჩვენებლების თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 65 436 ქართველი ემიგრანტი დაბრუნდა, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოდან წავიდა. მათი რაოდენობა წლიურად 28%-ითაა შემცირებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, მიგრაციული სალდო (სხვაობა ქვეყნი
დან ემიგრაციაში წასულ და უკან დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის) დადებითი იყო და 842 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021-2023 წლებში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, რაც ნიშნავს, რომ ემიგრანტების რაოდენობა იმიგრანტებს აჭარბებდა.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, რომელშიც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხვდებიან, 2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34% შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო 14 386 იყო. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

გასულ წელს, იმიგრანტების 48.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 53.2%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ. სტატისტიკაში მეორე ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ. გასულ წელს ქვეყანაში 23 574 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 25 612 წავიდა.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ვინ ითვლება ემიგრანტად/იმიგრანტად?

ემიგრანტი არის პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე.

პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).

შესაბამისად, ემიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირს, თუკი იგი ქვეყანას დატოვებს წლის განმავლობაში არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

ანალოგიურად, იმიგრანტების სტატისტიკაში მოხვედრა შეუძლიათ როგორც უცხოეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, თუკი ისინი მუდმივად უცხოეთში ცხოვრების შემდეგ, საქართველოში 6 თვეზე მეტი ხნით შემოვლენ.

შესაბამისად, პირი შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აღრიცხული იყოს როგორც იმიგრანტი, ხოლო მეორე წელს ემიგრანტი.

წყარო: ბმ

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები