აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანტონ ჩეჩინი
სასამართლოში დღეს, 28 აპრილს ჩანიშნულ სხდომას არ დასწრებია.
სხდომის გახსნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა
ის სასამართლოში არ წარმოადგინა.
აღნიშნული ინფორმაცია მოულოდნელობა იყო ადვოკატისთვისაც.
როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, პენიტენციური
დაწესებულებასთან „ზეპირი კომუნიკაციის შედეგად“ გაირკვა, რომ ანტონ
ჩეჩინმა უარი განაცხადა სასამართლოში წარდგენაზე.
წერილობითი ოქმის მიღებამდე სხდომაზე
ნახევარსაათიანი შესვენება
გამოცხადდა.
მერვე დაწესებულებიდან მიღებული წერილობითი ოქმის თანახმად, რომელსაც
უწყების ორი თანამშრომელი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „[ბრალდებულმა]
28 აპრილს ჩანიშნულ პროცესზე დასწრებაზე გაურკვეველი მიზეზების გამო
განაცხადა უარი“.
აღნიშნულ ოქმზე არაა ანტონ ჩეჩინის ხელმოწერა.
შენიშვნის სახით დოკუმენტში წერია, რომ ჩეჩინმა უარი განაცხადა ოქმზე
ხელის მოწერაზე.
ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ სხდომის გადადება მოითხოვა – ვითარებაში
გარკვევისა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით:
„მეც დღეს მივიღე ინფორმაცია, სხდომის მდივნისგან,
ჩემთვის უცნობია ანტონ ჩეჩინის წარმოუდგენლობის მიზეზი. ეს მოხდა
მისგან დამოუკიდებლად, მისი სურვილით თუ სხვა გარემოებიდან
გამომდინარე…
პირველ რიგში უნდა გაირკვეს რეალური მიზეზი მისი წარმოუდგენლობის…
შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეც ვერ
მოახერხა წარმოდგენა პროცესზე ან რაიმე მსგავსი. ბოლო ნახვისას მისი
პოზიცია იყო ისეთი, რომ თითოეულ სასამართლო პროცესზე აპირებდა
დასწრებას“, – განაცხადა ადვოკატმა.
დღევანდელი პროცესი 7 მაისისთვის გადაიდო.
რა წერია ანტონ ჩეჩინის დიაგნოზში?
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხით, ჩეჩინს თავის
ტვინში აქვს კისტურ-ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც მაისში
ჩატარებულ კვლევასთან შედარებით ზომაში გაიზარდა.
ნეიროქირურგმა, ედიშერ მაღალაშვილმა 2 აპრილს გაცემულ ფორმა N100-ში
ოპერაციის ჩატარება მიიჩნია საჭიროდ.
მის მიერ გაცემულ ფორმა N100-ში აღნიშნულია, რომ პაციენტის დიაგნოზია
– თავის ტვინის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე, დაუზუსტებელი
[D43.2].
დიაგნოზის დაზუსტებაში კი აღნიშნულია –
„მარჯვენა შუბლის
წილის მოცულობითი წარმონაქმნი“.
ჩეჩინი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებითაა დაკავებული და
8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩეჩინი
დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ აქციებში მონაწილეობის გამო
ისჯება.