საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) უახლესი პროგნოზით, 2025 წელს
საქართველოში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება,
მსოფლიო ბანკს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ით ზრდის მოლოდინი
აქვს.
IMF-ს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის (WEO) ბოლო, 25 აპრილის
კვარტალური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური
ზრდის ტემპი წინა სამი წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდება,
თუმცა ეკონომიკა კვლავ გაიზრდება - 6%-ით.
ზრდის ტემპი მცირდება მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებითაც -
მსოფლიო
ბანკის მოლოდინით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.5%
იქნება.
ორივე წყაროს თანახმად, მომდევნო, 2026 წელს ეკონომიკური ზრდის
საპროგნოზო მაჩვენებელი 5%-ია.
საქსტატის მონაცემებით:
- 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს 6.3%-იანი
რეცესია ჰქონდა.
- 2021 წელს, მსოფლიოში პოსტკოვიდური აღდგენის პირობებში, ქვეყნის
ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა.
- 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრისა
და სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ გადაწყობის, ასევე, რუსეთის
მოქალაქეების მიგრაციისა და კაპიტალის შემოდინების ფონზე, საქართველოს
ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა.
- 2023 წელს ეკონომიკამ ზრდა განაგრძო - 7.8%-ით.
- 2024 წელს ზრდის ტემპი კვლავ გაიზარდა - მშპ-ის ზრდამ 9.4%
შეადგინა.
- თუმცა საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, წინა
წელთან შედარებით, მხოლოდ 7.5 და 6.7%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ
2024 წლის ბოლოს - ანტისამთავრობო საპროტესტო დემონსტრაციებისა და
დასავლეთთან ურთიერთობების უკიდურესად დაძაბვის პარალელურად, -
ეკონომიკური ზრდა შენელდა.
საქსტატის მონაცემებითვე, 2025 წლის პირველ ორ თვეში მშპ-ის საშუალო
ზრდა 9.4%-ია. თუმცა ჯერ მხოლოდ ორი თვის მონაცემია ხელმისაწვდომი
(მარტის წინასწარი მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება).
თვიური მონაცემები კი ასეთი იყო:
- იანვარი - 11.1%
- თებერვალი - 7.7%
IMF-ს წინა კვარტალურ ანგარიშში 2025 წლისათვის გლობალური ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი 3.3%-ზე ჰქონდა ფიქსირებული, ახლა კი 2.8%-მდე
შეამცირა.
IMF-ისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებითვე, ეკონომიკური ზრდის ტემპის
შენელებაა მოსალოდნელი საქართველოს მეზობელ სომხეთის
რესპუბლიკაშიც.
მსოფლიო ბანკი სომხეთის შემთხვევაში 2025 წელს მხოლოდ 4%-იან
ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, IMF-ი კი - 4.5%-ს.
სხვა მეზობელ ქვეყნებში 2025 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი კი, IMF-ის თანახმად, ასეთია:
- აზერბაიჯანი - 3.5%
- თურქეთი - 2.7%
- რუსეთი - 1.5%