საქართველოს პროკურატურის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს
საქართველოში საპროცესო შეთანხმებისას
დაკისრებული ფულადი ჯარიმების რაოდენობამ უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს
მიაღწია - მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით საპროცესო
შეთანხმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების პროცენტული
მაჩვენებელი არ გაზრდილა, ჯარიმის სახით გადახდილი თანხების ოდენობა 6
მილიონ ლარზე მეტით აღემატება 2024 წლის მონაცემს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს:
- საპროცესო შეთანხმებისას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის
სასჯელის სახით გამოყენების მაჩვენებელი 16,8% იყო, რაც წინა წლებთან
შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021-2023 წლებში ეს რიცხვი
15,8%-ზე მაღალი არ ყოფილა.
- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის
გამოყენების მაჩვენებელი 19% იყო - წინა წლებთან შედარებით ესეც
გაზრდილი მაჩვენებელია. 2020-2024 წლებში ყველაზე მაღალი ეს
მაჩვენებელი 18,1% იყო.
- გაზრდილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არასრულწლოვანის
მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის
გამოყენება, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია - გასულ წელს თავისუფლების აღკვეთა
არასრულწლოვანებისთვის გამოყენებული იქნა 29,4%-ში. 2023 წელს ეს
რიცხვი 15,2% იყო, 2022 წელს - 19,4%.
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სპეციალურ პენიტენციურ
დაწესებულებებში მოთავსებული იყო 9098 ბრალდებული და მსჯავრდადებული
პირი, მათ შორის 396 ქალი - პატიმართა რაოდენობა გასულ წელს ყველაზე
ახლოს არის 2013 წლის მაჩვენებელთან - ყველა დანარჩენ წელს, "ქართული
ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პატიმართა რაოდენობა 9100-ს
აჭარბებდა, თუმცა 10 400-ს არ აღემატებოდა.