უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში ჩააბარა უკრაინის
უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] უფროსმა, ვასილი მალიუკმა, რომელიც
გეგმავდა და ხელმძღვანელობდა რუსეთის აეროდრომებზე დრონების
მასშტაბური შეტევის ოპერაციას.
“
ბრწყინვალე შედეგი” - აღნიშნავს თავის
ფეისბუკგვერდზე უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც, ოფიციალური
ინფორმაციით, ოპერაცია "ობობას ქსელის" მზადებასა და მიმდინარეობას
პირადად აკონტროლებდა.
„ერთი წელი ექვსი თვე და ცხრა დღე - დაგეგმვის დაწყებიდან
ეფექტურ განხორციელებამდე. ჩვენი ყველაზე შორი მოქმედების ოპერაცია.
ჩვენი ხალხი, რომლებიც ამზადებდნენ ამ ოპერაციას დროულად გამოვიყვანეთ
რუსეთის ტერიტორიიდან. მადლობა გადავუხადე გენერალ ვასილი მალიუკს
უკრაინის ამ წარმატებისთვის“, - წერს პრეზიდენტი ზელენსკი,
რომელმაც, როგორც აღნიშნა - გენერალს დაავალა ოპერაციის დეტალების
საზოგადოებისთვის გაცნობა და იქვე დაამატა:
„რა თქმა უნდა, ყველაფრის მოყოლა ახლა არ შეგვიძლია, მაგრამ
უკრაინის ეს ქმედებები ნამდვილად მოხვდება ისტორიის
სახელმძღვანელოებში. უკრაინა თავს იცავს და სრულიად სამართლიანად -
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დამთავრების
აუცილებლობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა დაასრულოს.
დიდება უკრაინას“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] ინფორმაციით, აეროდრომებზე
შეტევის შედეგად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაპარკის მესამედზე
მეტი და ზარალმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ასეთია საორიენტაციო ფასი მტრის სტრატეგიული ავიაციისა, რომელიც
დაზიანდა СБУ-ს სპეცოპერაცია - „ობობას ქსელის“ შედეგად. დაზიანდა
ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მზიდავების 34%, რუსეთის ფედერაციის
ძირითად აეროდრომებზე“, - აღნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის
პრესსამსახური.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია აეროდრომებზე
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ და მომხდარს ტერორისტული აქტები
უწოდა. თავდაცვის უწყების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული განცხადების
თანახმად, უკრაინულმა მხარემ FPV-დრონებით შეუტია რუსეთის ხუთ ოლქს.
თავდაცვის უწყების ჩამონათვალშია ამურის ოლქიც, გარდა - ირკუტსკის,
მურმანსკის, რიაზანისა და ივანოვის ოლქებისა, რომელთა შესახებაც
ინფორმაცია თავიდანვე ვრცელდებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ივანოვის, რიაზანისა და
ამურის ოლქებში შეტევა მოგერიებულ იქნა, ხოლო მურმანსკისა და
ირკუტსკის ოლქებში -
დაიწვა “საავიაციო ტექნიკის რამდენიმე
ერთეული”.
„დრონები ააფრინეს ამ აეროდრომებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან“,
„მსხვერპლი არ არის“, „ტერაქტის ზოგიერთი მონაწილე დაკავებულია“, -
ვრცელდება ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ინფორმაციით, რომელიც მანამდე უკრაინული უსაფრთხოების სამსახურზე
[СБУ] დაყრდნობით გავრცელდა, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის პარკიდან
დაზიანდა 41თვითმფრინავი, მათ შორის - А-50, ТU-95, და ТU-22 М3.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში [СБУ] მედიას დილითვე დაუდასტურეს,
რომ თავდასხმის სამიზნე იყო ერთბაშად ოთხი აეროდრომი რუსეთის
ტერიტორიაზე: „ბელაია“ ["Белая"], „დიაგილევო“ ["Дягилево"] ,ოლენია“
["Оленья"] და „ივანოვო“ ["Иваново"].