„ქართული ოცნება“ გრანტების შესახებ კანონში რეპრესიულ ცვლილებებს
აზუსტებს.
2025 წლის 16 აპრილს „ოცნებამ” დაამტკიცა ცვლილებები, რომლებითაც
მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა. კერძოდ,
დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს
თანხმობა დასჭირდებათ. აპრილში მიღებული კანონით, მთავრობის ან
უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა იქნება საჭირო გრანტის მიზნის
ცვლილებისთვის.
ახლა „ოცნება“ ისევ წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებას გრანტების
შესახებ კანონში.
პარტიის წევრის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, „პრაქტიკაში გამოიკვეთა
დამატებითი საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც
ცვლილებები I მოსმენით წარადგინა, ჭეიშვილმა თქვა, რომ
„იდენტიფიცირებულ იქნა რამდენიმე პროგრამა, რომლებიც, თავისი არსით,
ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის და ამდენად,
ისინი შეიძლება არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ
რეჟიმს“.
კერძოდ:
უკვე არსებული ჩანაწერის თანხამად, მთავრობის სავალდებულო თანხმობის
წესი არ ვრცელდება:
საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ
გრანტის გაცემაზე;
ასევე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების
მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ
ფინანსურ დახმარებაზე.
კონკრეტდება სწორედ ეს ნაწილი. თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით,
ნებართვის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება:
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის”,
„ერასმუს პლუსის“, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და
საქართველოს და ევროკავშირს შორის მოქმედი „შემოქმედებითი ევროპის“
ფარგლებში გაცემული გრანტები.
აპრილში მიღებულ ჩანაწერში არ იყო დაკონკრეტებული იმ პროგრამების
სახელები, რომლებზეც გამონაკლისი ვრცელდება.
თორნიკე ჭეიშვილისვე თქმით, ზუსტდება გრანტის ცნების შესახებ
ჩანაწერი:
„შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ
საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია
ასევე იქნება მიჩნეული გრანტად“, – თქვა მან.
შესაბამისად, ამ ნაწილშიც საჭირო გახდება მთავრობის ნებართვა.
ჭეიშვილისვე განცხადებით:
„ასევე, გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების
სფეროებთან მიმართებითაც არის ტექნიკური დაზუსტებები, რომლებიც
უკავშირდება ჰუმანიტარულ სფეროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს,
ასევე, ზუსტდება გრანტების გამცემი სუბიექტებს ნუსხა.
აქაც მკაფიოდ მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის
მიერ გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება იქნეს მიჩნეული
გრანტად“.
„ოცნების“ მიერ თავდაპირველად ინიციირებულ ვერსიაში გამონაკლისი იყო
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება,
თუმცა 16 აპრილს პროექტი ამ ჩანაწერის გარეშე მიიღეს.
ასევე, როგორც თორნიკე ჭეიშვილმა თქვა, „კანონში ჩნდება მითითებული
ნორმა, რომელიც უკავშირდება უცხოური გრანტების მიღების შემთხვევაში
საბიუჯეტო ორგანიზაციებზე სათანადო საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე
აქტების მოქმედების გავრცელებას და ხდება მთავრობის სათანადო
ნორმატიული აქტის მიღებისთვის მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის
რეგლამენტაცია”.
გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს
ევალება.