როდის მკურნალობენ კეტილეპტით და როგორ მოქმედებს ის?

კეტილეპტი ანტიფსიქოზური საშუალებაა, რომელიც ექიმის მიერ სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების დროს, სიმპტომების შესასუსტებლად ინიშნება.

ამას პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერება კვეტიაპინი უზრუნველყოფს, რომელიც ტვინში ნეიროტრანსმიტერების, იმავე ნერვული მედიატორების აქტივობაზე ზემოქმედებს.

კეტილეპტს ფსიქიკური დაავადებების მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ იყენებენ, რომლებიც განწყობის შეცვლის გამო თავს „ამაღლებულად“ გრძნობენ, ბევრს ლაპარაკობენ, აგზნებულნი არიან, ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავთ და უჩვეულო გაღიზიანება ახასიათებთ.


კეტილეპტში შემავალი კვეტიაპინი ისეთ სიმპტომებს ებრძვის, როგორიცაა განწყობის არასტაბილურობა, ჰალუცინაციები, მარტოობისა და დაბნეულობის შეგრძნება, უცნაური და საშიში აზრები.

უფრო კონკრეტულად კი, ექიმები პრეპარატს ხშირად უნიშნავენ შიზოფრენიის მქონე პაციენტებს. ამ მდგომარეობის დროს კეტილეპტი ჰალუცინაციების, ბოდვისა და აზროვნების დარღვევის სიმპტომებს ებრძვის. მას ასევე იყენებენ ბიპოლარული აშლილობის დროს, მანიაკური და დეპრესიული ეპიზოდების სამართავად.

კეტილეპტი ძირითადი დეპრესიული აშლილობის (კლინიკური დეპრესია) დროს ზოგჯერ დამხმარე მკურნალობის სახით, სხვა ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში ინიშნება. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებში პრეპარატი შფოთვის სიმპტომების სამართავად გამოიყენება.

სედატიური ეფექტის გამო, ზოგჯერ კეტილეპტს საძილე საშუალების სახითაც იყენებენ. თუმცა აღნიშნული დანიშნულებით პრეპარატის გამოყენება საფრთხილოა და პაციენტმა ის მხოლოდ ექიმის მიერ რისკებისა და სარგებლის შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს.

როგორ მოქმედებს კეტილეპტში შემავალი კვეტიაპინი?

კეტილეპტში შემავალი კვეტიაპინის მოქმედების მექანიზმი საკმაოდ რთულია და თავის ტვინის მრავალ ნეიროტრანსმიტერულ სისტემასთან ურთიერთქმედებას მოიცავს.

მათ შორის, კვეტიაპინი გვევლინება დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტად. აღსანიშნავია, რომ შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის დროს, დოფამინის გადაჭარბებული აქტივობა ხელს უწყობს ფსიქოზური სიმპტომების გამოვლენას, როგორიცაა ჰალუცინაციები და ბოდვები. რეცეპტორების ბლოკირებით, კვეტიაპინი დოფამინის გადაჭარბებული აქტივობის შემცირებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ფსიქოზურ სიმპტომებს ამსუბუქებს.

გარდა ამისა, კვეტიაპინი ზემოქმედებს სეროტონინის რეცეპტორებზე, განსაკუთრებით კი 5-HT2A-ზე. ცნობისთვის, სეროტონინი განწყობის რეგულირებაში მთავარ როლს თამაშობს. მომატებული აქტივობის დროს, მისი რეცეპტორების ბლოკირება განწყობის დასტაბილურებას უწყობს ხელს. ეს ძალიან სასარგებლოა ბიპოლარული აშლილობის დეპრესიული და მანიაკური ეპიზოდების სამკურნალოდ.

კვეტიაპინი ხასიათდება ანტაგონისტური მოქმედებით ალფა-2 ადრენერგულ რეცეპტორებზე, რაც გავლენას ახდენს ნორეპინეფრინის გამოყოფაზე. ეს არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც განწყობისა და შფოთვის რეგულირებაში მონაწილეობს. ნორეპინეფრინის დონეზე ზემოქმედებით, კვეტიაპინი შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებას უწყობს ხელს.

კვეტიაპინის ანტაგონისტური მოქმედება ჰისტამინის H1 რეცეპტორებზე, მისი სედატიური თვისებების გამოვლენას განაპირობებს, რის გამოც იგი ზოგჯერ უძილობის სამკურნალოდაც ინიშნება.

კეტილეპტის გვერდითი მოქმედება


გარდა სარგებლისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კეტილეპტის გამოყენებას, სხვა მედიკამენტების მსგავსად, შეიძლება გვერდითი მოვლენებიც მოჰყვეს.

ძალიან ხშირი გვერდით მოვლენები (10 პაციენტიდან 1-ზე მეტი) - თავბრუსხვევა და ძილიანობა.

ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტიდან 1-10) - გახშირებული გულისცემა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, საჭმლის მოუნელებლობა, სისუსტე, ხელებისა და ფეხების შეშუპება, წონის მომატება, გულყრა, ცხვირის შეგუბება, სისხლის დაბალი წნევა ვერტიკალურ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევისა და გულყრის მდგომარეობა, ერითროციტების რიცხვის შემცირება, ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (ტრანსამინაზების) მომატება.

არახშირი გვერდითი ეფექტები (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები) - ალერგიული რეაქციები, მაგალითად, ჭინჭრის ციება, ანის შეშუპება და გაწითლება; ეპილეფსიური შეტევები; ლეიკოციტების მომატება; ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის (გამა-გლუტამილტრანსფერაზა) მომატება; სისხლში ზოგიერთი ცხიმის (ტრიგლიცერიდების) დონის მომატება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები) - ტემპერატურის მომატება, გამოხატული შენელებულობა, კუნთების დაძაბულობა, არტერიული წნევის ან გულის შეკუმშვათა სიხშირის გამოხატული მომატება, სიმხნევის დონის დაქვეითება, ხანგრძლივი მტკივნეული ერექცია.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები) – ნეიტროფილების (ლეიკოციტების ნაირსახეობა) ძალიან მცირე რიცხვი სისხლში (ნეიტროპენია), სისხლში გლუკოზას დიდი რაოდენობა.

თუ პაციენტს აღენიშნა – ტემპერატურის მომატება, მუდმივი ტკივილის შეგრძნება ყელში ან პირის ღრუს ლორწოვანას დაწყლულება, გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, კუნთების დაძაბულობა, უჩვეულო ძილიანობა ან გულყრის მდგომარეობა, ეპილეფსიური შეტევები, ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, კანის შეშუპება და შეშუპება პირის გარშემო, ხანგრძლივი მტკივნეული ერექცია – პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და ექიმს მიმართოს.

ეს გვერდითი ეფექტები მძიმეა, თუმცა იშვიათად აღინიშნება. მათი გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო.

გარდა ამისა, კეტილეპტით ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში არსებობს უნებლიე მოძრაობების რისკი, ეს ძირითადად სახისა და ენის კუნთებს ეხება. ასეთი სიმპტომის გამოვლინებისას ექიმისთვის მიმართვა აუცილებელია.

რეკლამა

 

Print ელ. ფოსტა
თეგები: PSP reklama
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები