ლაშა გაბიტაშვილი: გამიუქმდა საქართველოს პირადობის მოწმობა და პასპორტი
ლაშა გაბიტაშვილის თქმით, მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაუქმდა.

„აღსრულდა ნება ერის დიადი საქართველოსი. გამიუქმდა საქართველოს პირადობა და პასპორტი. გასაჩივრებული მაქვს სასამართლოში, მაგრამ დრო თუ არ გაწელეს და თან არ გაწამეს ქართველობას ხომ ვერ შეინარჩუნებენ“, – დაწერ მან ფეისბუქზე.

ლაშა გაბიტაშვილმა 19 მაისს თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. მისი თქმით, მან ორმაგი მოქალაქეობა ქორწინებით მიიღო, რის შემდეგაც მიმართა იუსტიციის სახლს, რომ შენარჩუნებოდა საქართველოს მოქალაქეობაც, თუმცა უარი მიიღო.

ლაშა გაბიტაშვილს ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს.

იუსტიციის სახლის გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა.

ლაშა გაბიტაშვილს 2025 წლის იანვარში აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ის აბუ-დაბიში „ოცნების“ წევრებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული იყო – 12 იანვარს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის „ქართული ოცნების” წევრებთან მიდის და პროტესტს გამოხატავს.

მეორე დღეს, 13 იანვარს მას ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად გაუსწორდნენ. გაბიტაშვილის თქმით, სასტუმროში საუზმობდა, როცა მალევე გამოჩნდა ირაკლი ზარქუა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ გაეღიმა, რადგან დაპირისპირების მესამე ეტაპს მოელოდა და ტელეფონის ასაღებად წაიღო ხელი, ამის შემდეგ კი ზარქუამ უთხრა, „რა ტელეფონს იღებო“ და საჭმლიანი თეფში მოუქნია.

2025 წლის თებერვალში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები