ინდოეთის დასავლეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან
12 ივნისს კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია
Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა ბოინგ 787-მა. ის აფრენიდან
მალევე ჩამოვარდა.
ადგილობრივი მედიის ნაწილი იუწყება, რომ თვითმფრინავში, რომელიც
ლონდონის რეისს ასრულებდა, 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ნაწილის
ცნობით, ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იყო.
Reuters-ის ცნობით, თვითმფრინავი არა ლონდონში, არამედ ბირმინგემში
მიემგზავრებოდა.
მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი კვამლი. კატასტროფის
რაიონში მაშველები მუშაობენ.
განახლება: კატასტროფის შესახებ გავრცელებულ პირველ შეტყობინებაში
ავიაკომპანია Air India-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ თვითმფრინავი
აჰმედაბადი-ლონდონის რეისს ასრულებდა.
განახლება: ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით,
თვითმფრინავში იმყოფებოდა 230 მგზავრი, 2 პილოტი და 10
ბორტგამცილებელი.
განახლება: ავიაკომპანია Air India-ს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი
მგზავრებიდან 169 ინდოეთის მოქალაქეა, 53 დიდი ბრიტანეთის, 7
პორტუგალიის და 1 კანადის. ავიაკომპანიის თანახმად, დაზარალებულები
ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. Air India მათ რიცხვს არ
აკონკრეტებს და ჯერჯერობით არაფერს ამბობს დაღუპულთა შესახებაც.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად ხელისუფლებასთან
თანამშრომლობს.
თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. ხმელეთზე მსხვერპლის
შესახებაც ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.