ლადო ბოჟაძე „ოცნებას" ტოვებს და „ევროპელ სოციალისტებს" უერთდება
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ლადო ბოჟაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელ სოციალისტებს“ უერთდება.

ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ დაწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში კი ლადო ბოჟაძემ მიზეზად დაასახელა „რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ“.

„საზოგადოება ხედავს ძალიან მძიმე კადრებს სასამართლო სხდომებიდან, დამოკიდებულებას მანდატურებთან, მოსამართლეების მიმართ. არაერთი პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ჟურნალისტი იყო დაბარებული სასამართლოში. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ საერთოდ არ ცნობენ და არ აპირებენ ამ კანონის შესრულებას, რომ საერთოდ არ მივლენ სასამართლოში.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის რადიკალიზმი, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის ის გეგმა და სქემა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძალაშია. მე ამ პროცესების თაობაზე მქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან. იცით, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა იყოს სახელმწიფოს კანონის აღსრულებასთან მიმართებით“,
– თქვა ლადო ბოჟაძემ.

ბოჟაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ 2021 წლიდან შეუერთდა. ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო, 2024 წელს კი – „ოცნების“ საპარლამენტო სიით დეპუტატი გახდა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები