თიკა რუხაძემ მინისტრად დანიშვნის წინა დღეს 8100-ევროიანი ჩანთა იყიდა - დეკლარაცია
„ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრს ძვირადღირებული ჩანთები და სამკაულები აქვს. ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო, ნაწილი კი თავად შეიძინა. მინისტრი ის 2024 წელს გახდა. ამ თანამდებობაზე დეკლარაცია პირველად 2024 წლის 17 დეკემბერს შეავსო.

დეკლარაციების ვებგვერდი ექვსი თვის განმავლობაში გათიშული იყო. ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობდნენ, რომ ეს იყო „ტექნიკური ხარვეზი“, რომელიც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კომუნიკაციის შემდეგ აღმოიფხვრა.

თიკა რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა. წინა დღეს, 17 ოქტომბერს კი მან 8100 ევროდ შეფასებული ჩანთა იყიდა. გასულ წელს იყიდა მან კიდევ ერთი ძვირადღირებული ჩანთა, რომლის ფასიც 5995 ევროა.

გარდა ამისა, მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს ორი ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ასევე ოქროს ყელსაბამი. თითოეულის ფასი 10 000 ლარს აღემატება.

ამონარიდი თიკა რუხაძის დეკლარაციიდან

„ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრი ფლობს ორ ბინას თბილისში, მათ შორის ერთი (135 კვ/მ ზომის) დედაქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე 2024 წელს იყიდა 300 000 დოლარად, მეორეს კი 2010 წლიდან ფლობს - ბინა საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, მასში 100 000 ლარია გადახდილი.

ამონარიდი თიკა რუხაძის დეკლარაციიდან

თინათინ რუხაძეს, 2024 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა 130 000 დოლარზე მეტი.

ამონარიდი თიკა რუხაძის დეკლარაციიდან

გარდა ამისა - ნაღდი ფულის სახით 60 000 ლარი და 50 000 დოლარი.

ამონარიდი თიკა რუხაძის დეკლარაციიდან

საქართველოს კანონმდებლობით, ის ვალდებული იყო, დეკლარაციაში აესახა წინა წლის, 2023 წლის, შემოსავლები. ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ის „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორობის პარალელურად იკავებდა მრჩევლის თანამდებობას შპს „ბიზნეს კონსალტინგ კომპანიასა“ და შპს „თიხარტში“. ჯამში მან მიიღო 400 000 ლარზე მეტი.

ამონარიდი თიკა რუხაძის დეკლარაციიდან

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები