თურქეთს შუამდგომლობა ვთხოვეთ, რათა სირიამ გაიწვიოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთს სთხოვა შუამდგომლობა სირიის
ახალ ხელისუფლებასთან, რათა უკან გაიწვიონ რუსეთის მიერ ოკუპირებული
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
შესაბამისი განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა, რომელიც შალვა პაპუაშვილთან
ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. 18 ივნისს ისინი
შეხვდნენ თურქეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუატ
ოქტაის.
„ვთხოვეთ თურქულ მხარეს, შუამდგომლობა გაუწიონ სირიის ახალ
ხელისუფლებასთან, რათა ეს აღიარება გაწვეულ იქნას და ამის შემდეგ მზად
ვიქნებით დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად“, –
განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, თურქულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ
რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების
გამოწვევებსა და საერთაშორისო კონფლიქტებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის
ომზე და ახლო აღმოსავლეთის მოვლენებზე.
დაგეგმილია, რომ ივლისში თურქეთს ასევე ეწვევა მიხეილ ყაველაშვილი.