ბინა მადრიდში, ყალბი ხელშეკრულება და 2,5 მლნ ლარი — დაკავებულია "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი
რომეო მიქაუტაძეს ბრალი წარუდგინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, ბრალი წარუდგინა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.
გამოძიების ინფორმაციით, 2021 წელს მიქაუტაძემ დახმარება გაუწია
ერთ-ერთ კომპანიას, რომ მის მიერვე დაფუძნებული შპს 4 400 000 აშშ
დოლარად გაეყიდა სხვა კომპანიაზე. როგორც პროკურატურა აცხადებს, ამ
გარიგების სანაცვლოდ მან 400 000 დოლარის ოდენობის შემოსავალი
მიიღო.
პროკურატურა ასევე იუწყება, რომ 2023 წელს მიქაუტაძის მეუღლემ
მადრიდში ბინის შესაძენად საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955
ევრო. ეს თანხა 2023 წლის 26 ივნისს ნაღდი სახსრების სახით ჩაირიცხა
მის ანგარიშზე.
გამოძიების ვერსიით, თანხის საეჭვო წარმოშობის დასაფარად მიქაუტაძემ
და მასთან დაკავშირებულმა პირებმა შეადგინეს ყალბი ნასყიდობის
ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თითქოს მისი მეუღლის სახელზე
რეგისტრირებულ ბინას 600 000 ევროს გადაუხდიდა პირი, რომელიც რეალურად
იყო ბრალდებულის მეგობრის პენსიონერი დედა. სინამდვილეში ქონება არ
გაყიდულა, ხოლო დოკუმენტის მიზანი თანხის წარმომავლობის შენიღბა
იყო.
გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, რომეო მიქაუტაძემ უკანონოდ
მიღებული შემოსავლით ორი ავტომობილი შეიძინა, რომელთა საერთო
ღირებულება 842 592 ლარს შეადგენს. ეს ავტომობილები ფორმალურად მისი
და მეუღლის ახლო გარემოცვის წევრებზეა გაფორმებული.
ბრალდების თანახმად, მიქაუტაძე სულ 2 556 192 ლარის ოდენობით უკანონო
და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზებაშია ეჭვმიტანილი. მის მიმართ
წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე
მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც 12
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.