თამაზაშვილმა ქობულეთში უკანონოდ დაიკავა 2,887 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სახლი აიშენა – TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს [TI] განცხადებით, ქართული ოცნების აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარემ, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა და მისმა ოჯახმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #3) და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი. 

"სულხან თამაზაშვილმა სოფელ ქვედა სამებაში მდებარე ერთი - 2,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა-ნაგებობა (სურათზე: ნაკვეთი #1) თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა. როგორც Google Earth-ის ორთოფოტოდან ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.

თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში, ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე - 2,498 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #2).

სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%. სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა განახორციელა უკანონო მშენებლობა". - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.




სულხან თამაზაშვილი, რომელიც საპროტესტო ქციების დარბევის გამო დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 7 აპრილს ის ქართულმა ოცნებამ აჭარის მთავრობის მეთაურად დანიშნა.

წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები