თბილისში უცხოელებზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული რ.ბ. და 1975 წელს დაბადებული ა.ჩ. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 12 წლამდე თავისუფლების

აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ. თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ავტომობილში მყოფ ორ უცხოელ მოქალაქეს – 2000 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და მ.ა.-ს. თავდასხმის დროს მან რამდენიმე გასროლა განახორციელა და მოახერხა უცხოელების ფულისა და ავტომანქანის დაუფლება, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ინციდენტის შედეგად მ.ა. ქვედა კიდურის არეში დაიჭრა და მას სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიების თანახმად, თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. მისი ორგანიზება ბრალდებულმა ა.ჩ.-მ განახორციელა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს თავდასხმით დაუფლებული თანხის ნაწილი და ავტომობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები