თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და ყოფილი მინისტრის ცოლის ძმა დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ სამივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარემ პატიმრობის შეფარდების ნაცვლად სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობა წარუდგინა.

ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობის სახით 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს, გიორგი

ხაინდრავას ადვოკატმა კი – 100 000 ლარი ან ქონების დაყადაღება, რომელიც 200 000 ლარზე მეტია.

მედიის ცნობით, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა კი ბრალს არ აღიარებენ. „ბრალდების შინაარს გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ სასამართლო პროცესზე.

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლისძმას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალი წარედგინათ. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ბრალდებულებმა გაფლანგეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: პუბლიკა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები